პირადობის მოწმობა

დღეიდან პირადობის უჩიპო მოწმობის გაცემის დროებითი ნორმები ამოქმედდა

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ამოქმედდა არაელექტრონული, ანუ უჩიპო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის დროებითი ნორმები.

უწყება აღნიშნავს, რომ იუსტიციის მინისტრის შესაბამის ბრძანებაში შესული ცვლილებით, პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (ე.წ ლამინირებული, ქაღალდის პირადობის მოწმობა) შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული (ID)

მოწმობის მიღებაზე. ბრძანების თანახმად, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მისი აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი.

ასეთი წესით გაცემული პირადობის მოწმობის მოქმედების ვადაა 1 თვე.

ბრძანება ვრცელდება 2019 წლის 26 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბრძანება მოქმედებს დროებით − საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ (2019 წლის 26 დეკემბრის №1/12/1404) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

2019 წლის 26 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩერა პირადობის მოწმობის გაცემის წესის სადავო ნორმა.

კომენტარები