თბილისის მერია

საკრებულომ თბილისის მერიის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

primetimenews.ge

თბილისის საკრებულომ დაამტკიცა ქალაქის მერიის 2020 წლის ბიუჯეტი.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბიუჯეტი შედგება წარდგენილი პროექტით განსაზღვრული 1 მილიარდ 20 მილიონი ლარისგან, დამატებით 120 მილიონისგან, რაც წინა წლის ბიუჯეტიდან გადმოტანილი ნაშთია და EBRD-ის მიერ გამოყოფილი 256 მილიონ ლარიანი სესხისგან.

სულ 2020 წლისთვის დაგეგმილი პროექტების ღირებულება 1 მილიარდ 400 მილიონ ლარს აღწევს.

ინფრასტრუქტურული ხარჯვით მერია გეგმავს ორბელიანის მოედანზე რამდენიმე მისამართის რეაბილიტაციის დასრულებას, გუდიაშვილის მოედნის, ჯორჯაძის, თაბუკაშვილისა და ფურცელაძის ქუჩების ნაწილის, ასევე მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე ორი შენობის რეაბილიტაციას, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის რეაბილიტაციის დაწყებასა და დედაენისა და 9 მარტის ბაღების სრულ რეაბილიტაციას.

მერიას აგრეთვე დაგეგმილი აქვს ბაგა-ბაღების რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია.

კომენტარები