მაკაო

სი ძინპინი მაკაოს ესტუმრა, სადაც ჰონგ-კონგისგან განსხვავებით საპროტესტო აქციები არ იმართება

REUTERS

სი ძინპინი ჰონგ-კონგთან არსებულ მაკაოს ავტონომიურ ერთეულს ესტუმრა, სადაც ჰონგ-კონგისგან განსხვავებით საპროტესტო აქციები არ იმართება. 

ზუსტად 20 წლის 20 დეკემბერს პორტუგალიამ მაკაო "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" პირობით გადასცა ჩინეთს და ამის აღსანიშნავად ჩავიდა იქ ჩინეთის პრეზიდენტიც. სწორედ ამ პირობით გადასცა ბრიტანეთმა ჰონგ-კონგი ჩინეთს 1997 წელს. 

"მაკაომ სრულიად და აკურატულად დანერგა პეკინის მთავრობის ფორმულა და დაიცვა ეროვნული უსაფრთხოება," - თქვა სი ძინპინმა

Reuters წერს, რომ "სტაბილურობისა და ლოიალურობის" გამო სი ძინპინი მაკაოს დაჯილდოებას აპირებს. ის გეგმებს დააანონსებს , თუ როგორ აპირებს მაკაოს გარდაქმნას ფინანსურ ჰაბში. მაკაოში ეკონომიკის დივერსიფიკაციის გეგმებსაც აანონსებენ. ამჟამად მაკაოს ეკონომიკა მეტწილად კაზინოების ბიზნესზეა დამოკიდებული. 

სამ დღიანი ვიზიტის განმავლობაში სი პოლიტიკისა და ბიზნეს წარმომადგენლებს შეხვდება. ის ასევე პეკინის მიერ მხარდაჭერილ მაკაოს ახალ ლიდერ ჰო იათ-სენგსაც გამართავს შეხვედრას.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ დღეებში ჰონგ-კონგელებს მაკოში გადასვლა აეკრძალათ, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. იმ მედიის წარმომადგენლებმა, ვინც ჩასვლა მოახერხა შემოწმების ხანგრძლივი პროცედურა გაიარეს.

მაკაოში ჰონგ-კონგიდან არც ამერიკული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელები შეუშვეს.

მაკაოს მოსახლეობა ჰონგ-კონგის 7 მილიონიან მოსახლეობასთან შედარებით ბევრად პატარაა - 620 000 ადამიანი. აქიდან კი ნახევარი გასულ წლებში კონტინენტური ჩინეთიდან ჩავიდა. 

მაკაოში 2009 წელს მაკაოს ეროვნული უსაფრთხოების კანონი დიდი პროტესტის გარეშე მიიღეს. კანონით ცენტრალური მთვარობის "ღალატი, სეცესია და დივერსია" აკრძალული და დასჯადია. ჰონგ-კონგში მსგავსი კანონის მიღება 2003 წელს სცადეს, თუმცა მასშტაბური პროტესტის შედეგად კანონპროექტი ჩავარდა. 

მაკაოს მახლობლად, ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები ნახევარ წელზე მეტია, რაც იმართება, მომიტინგეები მეტ თავისუფლებას და პეკინის წნეხისგან გათავისუფლებას ითხოვენ.

კომენტარები