Economist

Economist-მა წლის ქვეყანად უზბეკეთი დაასახელა

მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემა, Economist-ი ყოველწლიურად ასახელებს, ქვეყანას, რომელიც ყველაზე მეტად გამოირჩა პოლიტიკური და ეკონომიკური  დემოკრატიული რეფორმებით. წელს, წლის ქვეყნის სტატუსი უზბეკეთს ერგო. 

პრეტენდენტებს შორის, იყო სუდანი და ჩრდილოეთ მაკედონია, უზბეკეთმა გამარჯვება პრეზიდენტ, მირზიევის მიერ გატარებული რეფორმების წყალობით მიიღო. გამოცემაში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ქვეყანაში ვითარება ნაკლებად დესპოტური გახდა. პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები უზბეკეთში 2018 წელს დაიწყო, თუმცა 2019 წელს ტემპი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

"სამი წლის წინ უზბეკეთი ძველმოდური პოსტსაბჭოთა დიქტატურა იყო, სახელმწიფო აპარატი კი არნახული სისასტიკითა და არაკომპეტენტურობით გამოირჩეოდა", — ნათქვამია, Economist-ის მასალაში. ყოფილი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის მმართველობისას სახელმწიფო აქტიურად იყენებდა იძულებით შრომას. პლანტაციებზე იძულებით ამუშავებდნენ ბავშვებსაც, ქვეყანა კი სავსე იყო დისიდენტებით, რომელსაც სახელმწიფო სასტიკად ებრძოდა. 

კარიმოვის გარდაცვალების შემდეგ, 2016 წელს ქვეყნის სათავეში შავკატ მირზიევი მოვიდა. მირზიევის მმართველობის პირველ წელს, რეფორმების ტემპი დაბალი იყო, თუმცა მომდევნო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. აქტიურ მოქმედებებს ახალი პრეზიდენტი 2018 წელს შეუდგა, ახალმა ხელისუფლებამ თითქმის სრულად შეწყვიტა იძულებითი შრომის პრაქტიკა, უცხოელ ჟურნალისტებს ქვეყანაში მუშაობის უფლება მისცა, გაიხსნა მანამდე დაკეტილი სასაზღვრო პუნქტი, ასევე, დაიკეტა სასტიკი მოპყრობით ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხე, ჟასლიკი.

ამ დროისთვის, უზბეკეთის ხელისუფლება აქტიურად იწვევს უცხოელ ტექნოკრატებს, რომლებიც ქვეყანას დემოკრატიულ გარდაქმნაში ეხმარებიან. Economist-ი აღნიშნავს, რომ უზბეკეთში ჯერ კიდევ მრავალი რეფორმაა გასატარებელი, თუმცა მიმდინარე წლის განმავლობაში ყველაზე შთამბეჭდავი პროგრესი სწორედ უზბეკეთმა განიცადა. 

უზბეკეთის გარდა, წლის ქვეყნის სტატუსისთვის სუდანი და ჩრდილოეთ მაკედონია იბრძოდა. სუდანში წელს, ომარ ალ-ბაშირის დიქტატურა დაემხო, ხოლო ჩრდილოეთ მაკედონიამ სახელმწიფოს დასახელების შეცვლით საბერძნეთთან მრავალწლიანი დავა დაასრულა. 

წინა წელს წლის ქვეყნის სტატუსი სომხეთმა მიიღო, ამგვარად, Economist-ის ჯილდო ზედიზედ მეორე წელი ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოს ერგო. 

კომენტარები