15 წლის მოზარდის საქმე

წულუკიანი: მინდა, წინა პლანზე გამოვიდნენ არა ჟურნალისტები, მინისტრები, არამედ ფსიქოლოგები

დღეს, როდესაც არასრულწლოვანი ლუკა სირაძის საქმეზე მიეწოდება საზოგადოებას ინფორმაცია, ყველამ ერთად, ვინც ვართ ხელისუფლებაში, ვინც ხართ მედიაში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ყველამ ვიქონიოთ მხედველობაში, რომ ამ ინფორმაციებს მედიით, ეს იქნება სოციალური ქსელები, ტელევიზია თუ სხვა, უსმენენ და უყურებენ ასი ათასობით და ამ დროს მნიშვნელოვანია რომ ჩვენც და თქვენც [მედია], ვინც ამას აკვირდება და უსმენს ავუხსნათ, რომ არაფერი დაუძლეველი არ არის.

პრობლემები ყველას გვქონია მათ ასაკში და მნიშვნელოვანია რომ ამ პრობლემებზე ვისაუბროთ ღიად და არ ვიფიქროთ იმაზე, რომ პრობლემებიდან გამოსავალი არის საკუთარი თავის დაზიანება. მშობლებს ჩვენთვისაც ხშირად უწყენინებიათ როდესაც ვიყავით პატარები, ახალგაზრდები, ჩვენც ბევრჯერ გვიწყენინებია ჩვენი მშობლებისთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემებზე ვისაუბროთ ისე რომ აზრადაც თავში არ მოგვივიდეს, საკუთარი თავი დავაზიანოთ, რადგან თქვენ ამ ქვეყნის ბავშვები, არასრულწლოვნები ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მინდა, რომ წინა პლანზე გამოვიდნენ არა ჟურნალისტები და მინისტრები, როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, არამედ ფსიქოლოგები და განსაკუთრებით ბავშვის ფსიქოლოგები და მათ მედიის დახმარებით გამართონ დიალოგი ბავშვებთან და არასრულწლოვნებთან, რადგან მხოლოდ სისხლის სამართალზე საუბარი, მხოლოდ იმაზე საუბარი და ტირაჟირება საქმის გარემოებების, ეს გარდაუვალია, მე მესმის, მაგრამ ვიფიქროთ იმაზე, რომ ის არასრულწლოვნები ვინც გვისმენენ, რას იფიქრებენ და ისე არ გავაკეთოთ რომ ამ საქმეზე საუბრისას სხვა ბავშვებს მოუვიდეთ არასწორი აზრები თავში. ამიტომაც მედიის წარმომადგენლებს მოგიწოდებთ, რომ ვესაუბროთ იმ ბავშვებს რომლებიც ამ საქმეზე იღებენ ინფორმაციას. 

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე.

კომენტარები