კონგრესმენების წერილი

ქართულ ოცნებაში ვერ გვპასუხობენ, როდის მიწერს ბიძინა ივანიშვილი ტრამპის ადმინისტრაციას

REUTERS

ქართულ ოცნებაში ვერ გვპასუხობენ კითხვაზე, როდის მიწერს ბიძინა ივანიშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას წერილს. 

ტაბულა პარტიის პრესსამსახურს ამ კითხვით დღეს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ივანიშვილმა იმედის ეთერში თქვა, რომ "ის არ გამორიცხავს" ტრამპის ადმინისტრაციას საჯარო წერილი მიწეროს. 

პრესსამსახურმა გვითხრა, რომ თუკი ივანიშვილი მართლაც გაუგზავნის წერილს ტრამპს, ეს საჯარო იქნება და, შესაბამისად, მედიაც ნახავს. 

28 ნოემბერს იმედის ეთერში ნიკა ლალიაშვილთან მისულმა ივანიშვილმა NDI-ისა და IRI-ის კვლევებზე საუბრის დროს თქვა, რომ მას "პატარა გეგმები" აქვს, რათა ვაშინგტონს აჩვენოს, რა ხდებოდა საქართველოში. 

"თუ არ გამოვიდა ამ ხერხით, მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ მივმართო ღია წერილით კონგრესს, თუ გნებავთ, სენატს და თუ გნებავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ საჯაროდ ავუხსნა, რა ხდება აქ, როგორ ხდება ის, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკულ ინტერესებს აზარალებენ,"- თქვა მაშინ ივანიშვილმა. 

თუმცა, სანამ ოცნების ლიდერმა თავად მიწერა ვაშინგტონს, კონგრესიდან წერილი პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო. რესპუბლიკელი კონგრესმენი და საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი გახარიასთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ ამერიკული მხარე შოკში იყო, როდესაც ქართულმა ოცნებამ დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო. კონგრესმენის თქმით, ვაშინგტონი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ გაატარებს საარჩევნო რეფორმას. 

კომენტარები