კონგრესმენების წერილი

გახარია კონგრესმენების წერილზე: ეს არის პოზიტიური თანამშრომლობის განხილვა

მთავრობის PR

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ აშშ-ის კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით, სადაც ხელისუფლება სხვადასხვა კუთხითაა გაკრიტიკებული, მმარველ გუნდში "ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ". 

გახარია ამბობს, რომ ეს "პოზიტიური თანამშრომლობისა და პოზიტიური მეგობრობის განხილვაა" და წერილში დასმულ შეკითხვებს მმართველი გუნდი უპასუხებს. 

"ჩვენი მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან ყველა სახის კრიტიკას ვიღებთ სამუშაო რეჟიმში. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენი მოსაზრებები გვაქვს,"- ამბობს გახარია. 

შეკითხვაზე, გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება კონგრესმენების მოწოდებას, დაუყონებლივ მიიღონ პროპორციული საარჩევნო სისტემა, გახარია პასუხობს, რომ არსებობს სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც უკვე გავლილია. 

"ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს ვერავინ," - ამბობს გახარია.

პრემიერმინისტრის თქმით, სხვა ყველაფერი არის პოლიტიკური პროცესია და ელჩების შუამავლობით ოპოზიციასთან დიალოგი მიმდინარეობს.

გახარია ამბობს, რომ ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებაში ეჭვი არავის ეპარება. 

"ყველამ იცის, რომ საქართველოს არ ჰქონია არასდროს ასეთი მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში, ეს ყველაფერი ჩვენი დღევანდელი დღეა. რაც მეტს ვაღწევთ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები მით მეტს ითხოვენ ჩვენგან, ეს მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ პროგრესზე,"- ამბობს გახარია. 

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა. გახარიასთვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ ისინი შოკში იყვნენ, როდესაც ქართულმა ოცნებამ დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო. ამერიკული მხარე იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ გაატარებს საარჩევნო რეფორმას. 

კომენტარები