ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, დიპკორპუსის თანხლებით, მოლაპარაკების მე-3 რაუნდი იმართება

სასტუმრო შერატონში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი იმართება. შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით მიმდინარეობს.

მოლაპარაკების საგანი, ქვეყანაში შექმნილი კრიზისისის ფონზე, საარჩევნო სისტემაა. 

"წინა შეხვედრაზე იძულებულნი იყვნენ, ეთქვათ, რომ უნდა გაცნობოდნენ კონკრეტულ შეთავაზებას მრავალმანდატიან კომპონენტზე, უნდა მოეტანათ მათი პასუხი. ვნახოთ, რა პასუხს მოიტანენ. ან ახლა მოიტანენ ამ პასუხს, ან მერე. მანამდე მათი დამსახურებული პოლიტიკური წვალება და ეს წნეხი გაგრძელდება. ამიტომ მე არანაირ პროგნოზებს არ ვაკეთებ, მძიმე მდგომარეობაშია ივანიშვილის გუნდი და ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება მანამ, სანამ არ მოეგებიან გონს", - ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი და მოლაპარაკებების მონაწილე გიგა ბოკერია.

მოლაპარაკებების პირველ რაუნდზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი ვერ შედგა. შეხვედრებზე ე.წ გერმანულ მოდელზე იმსჯელეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ქართულ კონსტიტუციას არ შეესაბამება. 

იმაზე, რომ ოპოზიციის მიერ შემუშავებული გერმანული საარჩევნო მოდელი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, არაერთი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია, თუ კონსტიტუციონალისტი საუბრობს, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილიც.

მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე იმსჯელებენ, რაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელის ერთერთი კომპონენტია.

ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ეს ფორმატი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეიქმნა. მისი საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების პირობა უკან წაიღო და სამოქალაქო საზოგადოებისა და დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის პროტესტი გამოიწვია.

კომენტარები