ფსიქოლოგიური ძალადობა

საია: გამოკითხვისას პოლიციის ფსიქოლოგიური ძალადობის შემდეგ მოზარდი მე-9 სართულიდან გადახტა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციის ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. მოზარდი კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. საიას ცნობით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს (დაახლოებით 17:00-23:00 საათამდე) და 11 დეკემბერს (დაახლოებით 11:00-12:00 საათამდე) არასრულწლოვნის გამოკითხვა. მთავარი არხის ინფორმაციით, 15 წლის ბიჭს სკოლის შენობის კედელზე გაკეთებული უცენზურო წარწერების საქმეზე კითხავდნენ და "დანაშაულის" აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.

"გამოკითხვისას, მოზარდი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მას საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან" - აცხადებს საია, რომელმაც გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს.

გამოძიება ამ დროისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას, მისცეს ჩვენება. პარალელურად, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს სწორედ ის განყოფილება, სადაც საია-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანზე ხორციელდებოდა ძალადობა და იძულება. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია არასრულწლოვნის პერსონალური კომპიუტერი და მობილური ტელეფონი. შესაბამისად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, არსებობს საფრთხე, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდეს და ხელი შეეშალოს საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას.  

"მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურმა დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, ამოიღოს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილებაში არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერები, ასევე დაუყოვნებლივ მოახდინოს ყველა იმ პირის იდენტიფიკაცია, რომელსაც საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას არასრულწლოვანთან კომუნიკაცია ჰქონდა. გამოძიების ფარგლებში ასევე შეისწავლონ არასრულწლოვნის განყოფილებაში შესვლისა და მისი დატოვების დრო. ასევე, უნდა მოხდეს შსს-ს თანამშრომლების საქმისწარმოების ელექტრონული სისტემის შესწავლა, რითაც შესაძლებელია დადგინდეს, რომელ საათებში და რა სახის დოკუმენტაცია იყო შედგენილი არასრულწლოვნის განყოფილებაში ყოფნისას" - აცხადებს საია და მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს - დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული უკანონო ქმედებების ფაქტზე;

ასევე მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას - თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე გამოსაძიებლად დაუქვემდებაროს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

კომენტარები