გიგი უგულავაზე თავდასხმა

კალაძე: ალბათ საჭირო იყო უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი ამბობს, რომ გიგი უგულავას საქმის დეტალებს არ იცნობს, თუმცა, მისი აზრით, ალბათ საჭირო იყო პასპორტის ჩამორთმევა.

"ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა. საქმის დეტალებს არ ვიცნობ, ამიტომ გამიჭირდება, პასუხი გავცე ამ შეკითხვას. არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის. არის კონკრეტული საკითხები, დანაშაული", - თქვა კალაძემ.

ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს, გიგი უგულავას 12 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. უგულავას ასევე ჩამოერთმევა პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

11 დეკემბერს გიგი უგულავასა და ევროპული საქართველოს კიდევ ერთ წევრს, საკრებულოს დეპუტატ გოკა გაბაშვილს აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში, გაფრენის წინ თავს დაესხნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძება არა თავდამსხმელების, არამედ უგულავას წინააღმდეგ დაიწყო. გამოძიება უგულავას თავდამსხმელთაგან ერთ-ერთის, ძიუდოისტ საბა (ბადრი) გავაშელაშვილის ცემას ედავება.

გუშინდეარც უგულავა და არც მისი ადვოკატი, გიორგი გელხაური არ დასწრებიან.

პროცესის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე პოლიტიკოსმა Facebook-ზე დაწერა, რომ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს და ეს უნიჭო და ძალადობრივი სპექტაკლი ერთადერთი მიზნით დაიდგა - მისთვის ქვეყნის გარეთ მოგზაურობა შეეზღუდათ.

"მომიგზავნეს ზონდერი ბადრი (საბა) გავაშელიშვილი, რომელიც შტატიანი შნირი აღმოჩნდა. 16 ნოემბერს აქციის მონაწილეებს არბევდა. ეს სუბიექტი ვალებში იხრჩობა. ლუდომანია, თამაშობს. შესაბამისად, სუს-მა მოიგდო და გახდა მონა-ჯალათი. პასპორტის ჩამორთმევა ნდომებიათ", - დაწერა უგულავამ ფეისბუქზე.

მას სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს და დაუსწრებლად განიხილეს მისი საკითხი.

კომენტარები