რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და ვლადიმირ ზელენსკი ელისეის სასახლეში “ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში” დაგეგმილი მოლაპარაკებების შემდეგ ერთმანეთს შეხვდებიან. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზელენსკისა და პუტინის პირველი პირადი შეხვედრა იქნება.
“ნორმანდიული ოთხეულის” მოლაპარაკებები 9 დეკემბერს 18:05 -ზე დაიწყება, ხოლო საერთო პრეს-კონფერენცია 20:45-თვის არის დანიშნული. პუტინი ასევე შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს. 10 დეკემბერს კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი შეხვედრის შედეგებს მიმოიხილავს აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან ერთად.
ეს მეექვსე შეხვედრა იქნება “ნორმანდიულ ფორმატში”: პირველი ორი 2014 წელს შედგა, ორიც - 2015 ში, ხოლო ბოლო ორი- 2016 წლის ოქტომბერში გაიმართა.
შეხვედრის ორგანიზებისთვის მხარეები “შტაინმაიერის ფორმულაზე” შეთანხმდნენ, რაც, მოკლედ რომ ითქვას, იმას ნიშნავს, რომ მხარეები თანხმდებიან დონბასში არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე ეუთოს დაკვირვების ქვეშ და ამ უკანასკნელის მიერ დარღვევების არარსებობის დადასტურების შემთხვევაში ამ ტერიტორიისთვის სპეციალური თვითთმმართველობის სტატუსის მინიჭებასა და უკრაინის იურისდიქციაში სრულ დაბრუნებაზე.