ჯანდაცვაში დაგეგმილი ცვლილებები

ტიკარაძე 520-ე დადგენილებაზე: ეს არის ხალხისთვის დიდი სარგებლის მომტანი

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ტვ იმედის ეთერში ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილ ცვლილებებს გამოეხმაურა. 

ტიკარაძის თქმით, წამოწყებული რეფორმა სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას ემსახურება. კერძოდ კი, რეგიონებში ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების დეფიციტის აღმოფხვრას. 

"ეს არის ძალიან დიდი სარგებლის მომტანი პირველ რიგში ხალხისთვის, იგულისხმება ხალხი, რომელმაც უნდა მიიღოს სამედიცინო მომსახურება ჩვენს კლინიკებში. ამავდროულად მე არ მავიწყდება, რომ ექიმებიც ჩვენი მოსახლეობაა, ისინი არიან ჩვენი სამინისტროს ნაწილი და რეფორმა უნდა განხორციელდეს დაბალანსებულად", — ამბობს ტიკარაძე. 

ტიკარაძის თქმით, 520-ე დადგენილება სფეროში დაგეგმილი ცვლილებების მხოლოდ 10%-ს შეადგენს და რეფორმა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამავდროულად ტიკარაძე ამბობს, რომ სახელმწიფო გააკონტროლებს ყველა მომსახურების ღირებულებას. 

"ჩვენ გავაკონტროლებთ, რომ ყველა მომსახურების ღირებულება, რომელსაც ჩვენ ვუხდით კლინიკებს, იყოს დაცული პაციენტის სასარგებლოდ", — განაცხადა ტიკარაძემ. 

ტიკარაძე ამჟამად საქართველოს ყველაზე მაღალბიუჯეტიან სამინისტროს ხელმძღვანელობს. მინისტრობამდე იგი საჩხერის რაიონული საავადმყოფოს მმართველი კომპანიის, ააიპ დოსტაქარის დირექტორი იყო. პოსტზე ტიკარაძემ დავით სერგეენკო შეცვალა, რომელიც მინისტრობამდე თავის მხრივ, ასევე ააიპ დოსტაქარის დირექტორად მუშაობდა. 

ააიპ დოსტაქარის დამფუძნებელი და დამფინანსებელი ბიძინა ივანიშვილია. უფრო მეტი 520-ე დადგენილებაზე წაიკითხეთ აქ.

კომენტარები