აქცია ერაყში

აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილ ერაყის სამხედრო ლიდერებს სანქციები დაუწესა

ირანის მიერ მხარდაჭერილი ერაყის სახალო მობილიზების ძალები.

აშშ-მა ირანის მიერ მხარდაჭერილი სამი ერაყელი ნახევრადსამხედრო ლიდერი ერაყში ანტისამთავრობო პროტესტის დროს მომიტინგეების მკვლელობაში მონაწილეობის გამო შავ სიაში შეიყვანა. აშშ-ის გაფრთხილებით, თუ დემონსტრანტების მოკვლა და მათ წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გაგრძელდება, დამატებითი სანქციები გარდაუვალი იქნება.

"ჩვენ აქ არ ვჩერდებით. ეს განგრძობადი პროცესია," - აღნიშნა მომავალ სანქციებზე საუბრისას ახლო აღმოსავლეთის საქმეთა მდივნის თანაშემწემ დევით შენკერმა

აშშ ეკონომიკური წნეხით ახლო აღმოსავლეთში ირანის გავლენის შემცირებას ცდილობს. 

სანქციები ამჟამად ირანის მიერ მხარდაჭერილ სამხედრო ჯგუფს ასაიბ ალ ალ-ჰაქის ლიდერს ქაის ალ-ხაზალის და მის ძმას ლაით ალ ხაზალის ეხებათ, რომელიც ამ ჯგუფის მეორე ლიდერია. 

ასევე, ირანის მხარდაჭერილი სახალო მობილიზების ძალების უფროსი ჰუსეინ ფალიჰ ალ-ლამიც სანქცირებულთა სიაში მოხვდა. გასულ დღეებში, დასავლური მედია წერდა, რომ მშვიდობიან მომიტინგეთა წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას სწორედ ლამი ხელმძღვანელობდა.

სანქციებით, მათ აშშ-ში აქტივები გაეყინათ და ამერიკელებს მათთან ბიზნესის კეთება აეკრძალათ.

აშშ-ის სახაზინოს დეპარტამენტის განცხადებაში წერია, რომ ამ ჯგუფებმა, რომლებსაც სამი ნახევრადსამხედრო ლიდერი ხელმძღვანელობს, მშვიდობიან მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს და ათეულობით უდანაშაულო მოქალაქე მოკლეს.

ერაყის ნახევრადსახმედრო ჯგუფები მომიტინგეთა მოკვლაში მონაწილეობის რაიმე როლს უარყოფენ. 

ერაყში საპროტესტო აქციები ორი თვეა მიმდინარეობს. დაიღუპა 400-მდე ადამიანი. მხოლოდ გუშინ, ბაღდადში, თაჰრირის მოედანზე შეიარაღებულმა პირმა 6 ადამიანი მოკლა. 

ორი დღის წინ აშშ-ის ისლამურ სახელმწიფოსთან მებრძოლი გლობალური კოალიციის სპეციალური ატაშე ჯეიმს ჯეფრი ბაღდადში ჩავიდა. ის სახელმწიფო პირებთან ერთად სამხედრო დაჯგუფებების საკითხს განიხილავს.

2003 წლიდან ირანის მიერ მხარდაჭერილ სამხედრო დაჯგუფებებს და პოლიტიკოსებს დიდი გავლენა აქვთ ერაყის სახელმწიფო ინსტიტუტებზე. ერაყელი მომიტინგეები მათ კორუფციული საქმიანობების გამო სიღარიბის არსებობასა და უმუშევრობაშიც ადანაშაულებენ. აქციის მონაწილეები ერაყის შიდა საქმეებში ჩარევაში ირანს ადანაშაულებენ. აქციებზე მოსახლეობა კორუფციის აღმოფხვრას, სამუშაო ადგილების შექმნას და საჯარო სერვისების გაუმჯობესებას ითხოვს. 

ადილ აბდულ მაჰდიმ 29 ნოემბერს თქვა, რომ პარლამენტს გადადგომის განცხადებას წარუდგენს. მან ამის შესახებ სახელმწიფო ტელევიზიაში მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ქვეყნის მთავარმა შიიტმა სასულიერო ლიდერმა აიათოლა ალი ალ-სისტანიმ თქვა, რომ პარლამენტმა, რომელმაც მაჰდი ხელისუფლებაში მოიყვანა ახალი ვარიანტები უნდა განიხილოს. აიათოლა ალი ალ-სისტანიმ თქვა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას სამოქალაქო ომი ემუქრება. ახალი მთავრობის ჩამოყალიბებამდე მაჰდი და მისი კაბინეტი დროებით ხელისუფლებაში რჩებიან.

მომიტინგეები მის გადადგომას მიესალმებიან, მაგრამ ამბობენ, რომ ეს საკმარისი არ არის და პოლიტიკური სისტემის შეცვლას ითხოვენ.

პრემიერმინისტრის გადადგომის და მთავრობის მიერ დაპირებული რეფორმების მიუხედავად ქვეყანაში საპროტესტო აქციები გრძელდება.

დემონსტრაციები ძირითადად დედაქალაქ ბაღდადში და ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქებში იმართება.

კომენტარები