ოპოზიციის აქცია ქუთაისში

ბოკერია: ქუთაისში ივანიშვილის კლოუნებმა განსაკუთრებული უტიფრობა გამოიჩინეს ძალადობით

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქუთაისში დაანონსებულ აქციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ქალაქი ის ადგილია, სადაც "სამარცხვინო ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, კლოუნებმა განსაკუთრებული უტიფრობა გამოიჩინეს ძალადობის სახით". 

ბოკერიას თქმით, მათ უნდა გაიგონ საზოგადოების ხმა, რომ აქვთ ორი გზა:

"ან უკან წაიღებენ იმ შეურაცხყოფას, რაც საზოგადოებას მიაყენეს (და მაშინ მოხდება ის, რაც სურს მთელ ქვეყანას - მშვიდობიან, სამართლიან, პროპორციულ არჩევნებში ივანიშვილის დამარცხება) ან გააგრძელებენ ამ უტიფრობას, სადაც მათივე მოქმედებების შედეგად ასლანის [აბაშიძე] გზაზე დადგებიან და ასლანივით ან უარესად დაასრულებს ივანიშვილი და ყველა მისი კლოუნი".

"ვერ გაგვაჩერებთ" - ასე ერქმევა იმ მსვლელობას, რომელსაც დღეს ქუთაისში ოპოზიციური პარტიები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო საზოგადოება გამართავს.

ოპოზიციასთან ბრძოლის ახალი ტაქტიკის ფარგლებში ქართული ოცნების აქტივისტები და საჯარო მოხელეები ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს თავს ესხმიან. 

ამის ნაწილი იყო აქცია 1 დეკემბერს ქუთაისში, სახელწოდებით "დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება", რომლის დროსაც ოცნების აქტივისტებმა ენმ-ის ოფისს კვერცხები, ცოცხები და საღებავები დაუშინეს. 

აქტივისტები და საჯარო მოხელეები ენმ-ის ოფისს 29 ნოემბერსაც დაესხნენ თავს. მათ ოფისის კარს ბოქლომი დაადეს. ასევე, ოფისსა კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. 

კომენტარები