აშშ - თურქეთი

ტრამპი თურქეთისთვის რუსული S-400-ების შესყიდვის გამო სანქციების დაწესებას განიხილავს

დონალდ ტრამპი და რეფეფ თაიფ ერდოღანი
Washington Post

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთისთვის რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვის გამო სანქციების დაწესებას განიხილავს.

პრეზიდენტმა ლონდონში NATO-ს სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ისინი, ამჟამად, აშშ-ში ამ საკითხს განიხილავდნენ.

ტრამპმა მისი წინამორბედი გაიხსენა, რომ მან ანკარას ამერიკული ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვის უფლება არ მისცა:

"როგორც იცით, თურქეთს ჩვენი პატრიოტის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვა სურდა და ობამას ადმინისტრაციამ მათ ამის უფლება არ მისცა და მხოლოდ მაშინ დათანხმდნენ, როდესაც ისინი სხვა სისტემის შესყიდვისთვის იყვნენ მზად".

ორი დღის წინ ამერიკელმა სენატორებმა ტრამპის ადმინისტრაციას მიმართეს, რომ თურქეთს რუსული S-400-ების შესყიდვის გამო სანქციები დაუწესონ.

მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს "საშინელ სიგნალს" გაუგზავნის სხვა ქვეყნებს, რომ მათ ღიად, შედეგების გარეშე შეეძლებათ აშშ-ის კანონების დარღვევა.

რუსეთისა და თურქეთის შეთანხმება აშშ-ის 2017 წელს მიღებულ სანქციების კანონს (CAATSA/პასუხი ამერიკის მოწინააღმდეგეებს სანქციების აქტის მეშვეობით) არღვევს, რითაც ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან სამხედრო სფეროში ბიზნესს აწარმოებენ, სანქციები ეკისრებათ.

საგარეო ურთიერთობების კომიტეტის რესპუბლიკელმა ხელმძღვანელმა ჯიმ რიშმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ კომიტეტი ცალკე კანონპროექტს მომავალ კვირას მიცემს ხმას, რათა ანკარას სანქციები დაეკისროს. 

შეგახსენებთ, რომ რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მა თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა. 

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას.

გასულ თვეს მოსკოვში განაცხადეს, რომ 2020 წლის პირველ ნახევარში თურქეთისთვის მეტი S-400-ების მიყიდვას იმედოვნებდნენ.

კომენტარები