ქართული ოცნება

რა დაუჯდებოდა ოცნებას კონცერტისთვის ახალგაზრდების მობილიზება რეგიონებიდან

ქართული ოცნების ფეისბუკგვერდი

"საქართველო გახდა ევროსაბჭოს 53 ქვეყნის თავმჯდომარე 6 თვის ვადით. მოგეხსენებათ, რომ ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის. აქედან გამომდინარე ორშაბათს, თბილისში ტარდება ღონისძიება ამ თემასთან დაკავშირებით, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოს 10 000 სტუდენტი," — ამ შინაარსის შეტყობინება სტუნდეტური თვითმართველობისგან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მიიღეს. 

როგორც მოგვიანებით გაირკვა, სპონტანური ზეიმის მიზეზი ევროსაბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა იყო, რომელიც საქართველოს ანბანური წესით ერგო. ამ "ძალიან დიდი მიღწევის აღსანიშნავად” მზადება ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციებში ნაჩქარევად დაიწყეს. 

ქვეყანაში მიმდინარე აქციებისა და პიკეტების ფონზე, მმართველი პარტიის მხრიდან ახალგაზრდების მობილიზებას ცალსახა პოლიტიკური მოტივი და მიზანი ამოძრავებდა. ოცნებას უნდოდა ეჩვენებინა, რომ ძალუძს ახალგაზრდების მობილიზება. სავარაუდოდ, სტუდენტთა უმრავლესობას ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა.

ამის მიუხედავად, კონცერტზე ჩამოსული ზოგიერთი სტუდენტი რაღაც ეტაპზე ქართული ოცნების ოფისთან აღმოჩნდა. ამ დროს ერეკლე მეორეს მოედანზე შეკრებილი ოცნების აქტივისტები ცდილობდნენ ფიზიკურად გასწორებოდნენ ბიძინა ივანიშვილის მაგინებლებს.  

ტაბულა დაინტერესდა, თუ რა თანხა შეიძლებოდა გადაეხადა ქართული ოცნებას ჯამურად გუშინდელ ღონისძიებებში. სტუდენტებისთვის გაგზავნილი შეტყობინებებში ნათქვამია, რომ უზრუნველყოფილი იქნებოდა ტრანპორტირება თბილისამდე და უკან და ასევე კვება. 


ფოტო: Netgazeti.ge

შეტყობინებები არ შეიცავდა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ვინ აფინანსებდა ამ ნაჩქარევ ღონისძიებებს. ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჩვენ ვერც მმართველი პარტიის ოფისისგან და ვერც სახელმწიფო შესყიდვების საიტიდან მოვიძიეთ.

თემის გარკვევას რამდენიმე მედია შეეცადა. მათ შორის, ნეტგაზეთი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტური თვითმართველობის თავმჯდომარეს შოთა კაკაშვილს ესაუბრა. გამოცემასთან საუბარში კაკაშვილი ამბობს, რომ სასწავლებლიდან 120 სტუდენტის გამგზავრება და კვება მეგობრების დახმარებით თვითონ დააფინანსა

ოფიციალური რიცხვების არ არსებობის მიუხედავად, ბაზარზე არსებული ფასების გათვალისწინებით მაინც შესაძლებელია იმის გაგება, დაახლოებით რა თანხა დაუჯდებოდა მმართველ პარტიას 10 ათასი სტუნდეტის მობილიზება თბილისში.

გთავაზობთ უხეშ მათემატიკურ ანგარიშს, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო გუშინდელი ღონისძიების მიახლოებითი ჯამური ღირებულება. 

როგორც ცნობილია, თბილისში ჩამოსაყვანი 10 ათასი სტუდენტის მობილიზება ძირითადად რეგიონებიდან მოხდა. საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან თბილისამდე მგზავრობა,ბუნებრივია, სხვადასხვა ფასი ღირს. მაგალითად:

  • ბათუმი — ე.წ. მარშუტკის ფასი - 20 ლარი; [მინივენი - 25 ლარი, ავტობუსი - 25 ლარი];
  • ქუთაისი — ე.წ. მარშუტკის ფასი - 10-12 ლარი; [მინივენი - 15 ლარი, ავტობუსი - 10-15 ლარი];
  • ლანჩხუთი — ე.წ. მარშუტკის ფასი - 15-20 ლარი; [მინივენი - 20-25 ლარი; ავტობუსი - 20-25 ლარი];
  • ზუგდიდი — ე.წ. მარშუტკის ფასი - 20 ლარი; [მინივენი 25-30 ლარი; ავტობუსი 15-20 ლარი];
  • ახალქალაქი ე.წ. მარშუტკის ფასი — 20 ლარი; [მინივენი 20 ლარი; ავტობუსი 10-15 ლარი];
  • თელავი — მარშუტკის ფასი — 7-10 ლარი.

თბილისამდე მგზავრობის საშუალო ღირებულება 20 ლარია. ამგვარად გამოდის, რომ 10 ათასი სტუნდეტის ჩამოყვანა და უკან დაბრუნება ოცნებას 400 ათასი ლარი დაუჯდა. 200 ათასი თბილისამდე და 200 ათასი უკან. 

გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი დამფინანსებლები კვებასაც ფარავდნენ. ეს ნიშნავს, რომ ხარჯები კიდევ უფრო იზრდება. ცხადია, ზუსტად უცნობია თუ რა სახეობის და რაოდენობის საკვებით უზრუნველყვეს ორგანიზატორებმა სტუდენტები. ამიტომაც, ჩვენ ერთი დღის საკმარისი მინიმალური მენიუს ფასი გამოვითვალეთ.

რაციონში კი საქართველოში ყველაზე გავრცელებული და შედარებით იაფი სწრაფი საკვები ავიღეთ. ფენოვანი ხაჭაპური და ლობიანი, ასევე 1 ქილა გაზიანი სასმელი. ამ პროდუქტების მინიმალური საშუალო ფასები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ფენოვანი ხაჭაპური — 2,5 ლარი;
  • ლობიანი — 1,5 ლარი; 
  • გაზიანი სასმელი — 1 ლარი. 

ამ გათვლებით ერთი ადამიანის კვება ოცნებას დაახლოებით ხუთი ლარი დაუჯდებოდა, რაც ჯამურად 50 ათასი ლარია. 

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი ღონისძიების, კონცერტის ღირებულებაც. ბაზარზე არსებული ფასების მიხედვით, საკონცერტო მომსახურების ფასები საკმაოდ განსხვავებულია. ეს ძირითადად კონცერტის მასშტაბზეა დამოკიდებული. სხვადასხვა დროს თბილისის მერიას მსგავს ღონისძიებებში 15-20 ათასი ლარი გადაუხდია. 

10 ათას კაციანი კონცერტის სასცენო მომსახურების მინიმალური ფასი ქართულ ბაზარზე 7-10 ათასი ლარის ფარგლებში მერყეობს. საორიენტაციო მინიმუმი დაახლოებით 8 ათასი ლარია. ცალკე უნდა გავითვალისწინოთ მომღერლებისა და არტისტების ჰონორარიც. ჩვენთვის უცნობია კონცერტზე გამომსვლელთა სრული სია. 

მედიის მიერ კონცერტიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სტუდენტებს გართობას გელა გნოლიძის ღამის შოუს ბენდი ცდილობდა. გადაცემა ტვ იმედზე გადის. ცხადია, არტისტების ჰონორარები განსხვავებულია, თუმცა წარსულში ჩატარებული ღონისძიებების გათვალისწინებით, მიახლოებითი ღირებულების გამოთვლა ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია.  

2017 წელს თვითმართველობის არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე თბილისში ჩატარებულ კონცერტზე ერთი გამომსვლელის საშულო ჰონორარი 3125 ლარს შეადგენდა. თუ კი კონცერტზე მხოლოდ ერთი ბენდი გამოვიდა სავარაუდოა, რომ მათი ჰონორარის რაოდენობაც დაახლოებით იგივე თანხა დაჯდებოდა. 

ამგვარად:

  • ტრანსპორტირება — 400 ათასი ლარი;
  • კვება — 50 ათასი ლარი;
  • კონცერტი ჯამურად — 11 ათასი ლარი;
  • ჯამურად — 461 ათასი ლარი. 

დიდი ალბათობით, ეს რიცხვი არაზუსტია, თუმცა ქვეყანაში არსებული ზოგადი ფასების გათვალისწინებით, ნაკლებ სავარაუდოა, რომ გუშინდელი ღონისძიებაში მმართველ პარტიას უფრო ცოტა გადაეხადა. 

კომენტარები