ლაშა ჩხარტიშვილი

"შეაყარე ოცნებას ლობიო"- ლაშა ჩხარტიშვილის მხარდამჭერი აქცია ქართული ოცნების ოფისთან

რუსთავი2

შეაყარე ოცნებას ლობიო - ამ ლოზუნგით ქართული ოცნების ოფისთან აქცია მიმდინარეობს.

მოძრაობა "გაბედეს" და არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა ასოციაციის" წევრები, ლეიბორისტული პარტიის წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც 29 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე ლობიოს აყრისთვის დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

"ჩვენ აქ დღეს სიმბოლურად მოვიტანეთ 41 მარცვალი ლობიო იმის დასტურად რომ ლობიოს ჰაერში აყრა სამართალდარღვევა არ არის და ამისათვის ადამიანს 21-ე საუკუნეში არ უნდა იჭერდნენ არ უნდა კეტავდნენ საპყრობილეში"- თქვა იურისტმა ნიკა მემანიშვილმა და ლობიო ჰაერში აყარა. 

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჩხარტიშვილის გათავისუფლებამდე პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. 

.............

ლაშა ჩხარტიშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ჩხარტიშვილის ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. თავად ჩხარტიშვილი პროცესს არ ესწრებოდა, რადგან მანამდე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმა და დარბაზიდან გააძევა. საქმე იმაშია, რომ ჩხარტიშვილმა მოსამართლის აცილება მოითხოვა, ვინაიდან მიაჩნია, რომ ფილიშვილი აქციის მონაწილეთა მიმართ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ფილიშვილმა 3-დან 13 დღემდე პატიმრობა შეუფარდა 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ პირებსაც.

29 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე ჩხარტიშვილის გარდა კიდევ 5 ადამიანი დააკავეს.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ღონისძიებას მართავდა, პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. თეა წულუკიანმა შენობაში შესვლა პოლიციის კორდონის გავლით შეძლო. შენობა იუსტიციის მინსიტრმა შეძახილების ფონზე "მონა" დატოვა.

 

კომენტარები