საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

აბაშიძე რუსული ენის ცენტრზე: კომერციული სავიზო ცენტრი თბილისში რუსული ენის კურსებს ხსნის

agenda.ge

დღეს დილით, რუსულმა სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიამ, რია ნოვოსტიმ გაავრცელა გრიგორი კარასინის კომენტარი. მედიის მიერ გავრცელებულ მასალაში კარასინი ამბობს, რომ დეკემბერში თბილისში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება. 

კარასინის თქმით, ახალი ცენტრი საქართველო-რუსეთის ურთიერთობის გაღრამავებასა და გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. კარასინმა, ასევე, განაცხადა, რომ ცენტრის გახსნაზე თბილისში რუსული დელეგაციის ვიზიტი იგეგმება და იმედი გამოთქვა, რომ პრეზენტაცია ინციდენტების გარეშე ჩაივლის.

საკითხზე სასაუბროდ ტაბულა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს დაუკავშირდა. კარასინმა ახალი ცენტრის გახსნა სწორედ აბაშიძესთან პრაღაში გამართული შეხვედრის შემდეგ დაანონსა.

ტაბულასთან საუბარში ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ცენტრის გახსნას თბილისში მდებარე რუსეთის სავიზო ცენტრი აპირებს. აბაშიძის თქმით, ორგანიზაცია კომერციული უწყებაა და ამავე საწყისებზე რუსული ენის შემსწავლელი კურსების გახსნას გეგმავს.

"ესე იგი, საუბრის დროს ბატონმა კარასინმა გააკეთა მოკლე კომენტარი იმის თაობაზე, რომ რუსეთის სავიზო ცენტრი თბილისში, რომელიც წარმოადგენს კომერციულ სტრუქტურას და ბოლო ორი წელია გასცემს ვიზებს რუსეთში გასამგზავრებლად, აპირებს გახსნას რუსული ენის კურსები, ასევე, კომერციულ საწყისებზე", — განაცხადა აბაშიძემ.

ტაბულასთან საუბარში აბაშიძე ამბობს, რომ ცენტრის გახსნის თარიღზე და დელეგაციის ვიზიტის შესახებ საუბარი შეხვედრაზე არ ყოფილა.

"ჩემი პასუხი იყო, რომ მე ეს არ ვიცი და საკითხში გავერკვეოდი. მოდით ეხლა მე მეტს ვერაფერს გეტყვით. ამის გარდა სხვა რამეზე საუბარი არ ყოფილა არც პროგრამაზე, არც დელეგაციებზე და გეგმებზე", — ამბობს ზურაბ აბაშიძე.

ტაბულას კითხვაზე თუ როგორია ახალ ცენტრთან დაკავშირებით საქართველოს დიპლომატიური უწყების გეგმა, აბაშიძე ამბობს, რომ ვითარებაში ადგილზე, თბილისში უნდა გაერკვეს.

"იყო მხოლოდ ეს მოკლე კომენტარი მისი მხრიდან, რაზეც მე ვუპასუხე, რომ უნდა წავიდე თბილისში და გავერკვე რაზეა საუბარი. ჰიპოთეზებში ეხლა ნუ წავალთ, რაც გიპასუხეთ იმით შემოვიფარგლეთ. ჯერ უნდა ჩამოვიდე თბილისში", — თქვა ზურაბ აბაშიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ზურაბ აბაშიძე 2012 წლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. სწორედ ამ სტატუსით გრძელდება ორმხრივი შეხვედრები რუსეთთან უკვე მეშვიდე წელია. 

რუსეთს ამ შეხვედრებზე საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგორი კარასინი წარმოადგენს. რამდენიმე თვის კარასინმა მოადგილის თანამდებობა დატოვა და ამჟამად რუსეთის ფედერაციულ საბჭოში სენატორად საქმიანობს. სწორედ კარასინი კურირებს საქართველოს საკითხებს ფედერაციის საბჭოში.

კომენტარები