უკრაინა - Apple

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი Apple-ს: გლობალური პოლიტიკა თქვენი ძლიერი მხარე არაა

"IPhone დიდებული პრდუქტია. სერიოზულად, თუმცა, Apple, გთხოვთ, გთხოვთ, მაღალ ტექნოლოგიებსა და გართობას მიხედეთ. გლობალური პოლიტიკა თქვენი ძლიერი მხარე არაა. ყირიმი უკრაინაა," - ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ვადიმ პრისტაიკო კომპანიის გადაწყვეტილებას, რუსეთში Apple-ის რუკაზე ანექსირებული ყირიმის რუსეთის ნაწილად ცნობას. 

Twitter-ზე მან Apple-სთვის კიდევ ერთი განმარტება დაწერა - "წარმოიდგინეთ, რომ თქვენი დიზაინი და იდეები, წლების ნამუშევარი და თქვენი გულის ნაწილი თქვენმა ყველაზე ცუდმა მტერმა მოიპარა და შემდეგ ვიღაც უვიცს საერთოდ არ ადარდებს შენი ტკივილი. ასეთი გრძნობაა, როდესაც ყირიმს რუსეთის ტერიტორიას უწოდებთ".

Apple-ის მერ კრემლის მოთხოვნებისთვის დამორჩილებას აშშ-ში უკრაინის საელჩოც გამოეხმაურა და Twitter-ის გვერდზე კომპანიას შეახსენა, რომ ყირიმი უკრაინაა - "ყირიმი არა რუსეთის სუვერენიტეტის, არამედ რუსული ოკუპაციის ქვეშაა".

საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმს უკრაინის განუყოფელ ნაწილად ცნობს, თუმცა რუსეთიდან Apple-ის რუკაზე ყირიმი რუსეთის ნაწილია, ხოლო სხვა ქვეყნებიდან ყირიმი არცერთი ქვეყნის ნაწილი არ არის. 

ამ საკითხზე Apple-სა და რუსეთს თვეების განმავლობაში ჰქონდათ მოლაპარაკება. Apple-ის თავდაპირველი შეთავაზებით, კომპანიას შეეძლო ყირიმი არც რუსეთისა და არც უკრაინის ნაწილად აესახა. 

დუმის უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარემ ვასილ პისკარიოვმა თქვა, რომ Apple რუსეთის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიდა. 

კომპანიას Apple ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რუსეთმა ე.წ. რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი 2014 წლის 18 მარტს მოაწერა. ყირმის ანექსიისთვის რუსეთს სანქციები დღემდე აკისრია. დასავლელი ლიდერები რუსეთს აფრთხილებენ, რომ ყირიმთან დაკავშირებული სანქციები არ მოიხსნება მანამ, სანამ უკრაინის სუვერენიტეტი არ აღდგება. 

კომენტარები