პარლამენტის პიკეტირება

გომელაური: თუ გზებს გადაკეტავენ, დავშლით. ჩვენ იმიტომ გადავკეტეთ, რომ ცეცხლი არ დაანთონ

ტვ პირველი

​შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ აქტივისტები ქუჩას გადაკეტავენ და მოქალაქეებს დისკომფორტს შეუქმნიან, შსს მათ კვლავ დაშლის.

ახლა პარლამენტის ირგვლივ ყველა ქუჩა შსს-ს აქვს ჩაკეტილი. ვახტან გომელაურის თქმით, იმიტომ, რომ "ისევ არ მოხდეს ცეცხლის დანთება და პიკეტირებები".

"დაიშლება აქცია. თუ დაიწყებენ გზის დაკეტვებს, ცეცხლის დანთებებს, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, გადაკეტავენ მთელს ქალაქს, რა უნდა ვქნათ, სახლში უნდა წავიდეთ?

ჩვენ იმიტომ გადავკეტეთ, რომ ისევ არ მოხდეს ცეცხლის დანთება, ისევ არ მოხდეს პიკეტირებები და დისკომფორტი არ შეუქმნან ხალხს.

შეშას არ შემოვატანინებთ, არც კასრებს შემოვატანინებთ, 90-იან წლებში ნუ დაგვაბრუნებენ და ნუ დააბრუნებენ ხალხს, არ არის ეს კარგი, ცუდია. ჩვენ ვუთხარით გენერატორებზე, შმეოიტანეთ, მოგეხმარებით, დენის გამათბობლებზეც ვუთხარით, მაგრამ არა შეშები და ბოჭკები. მათ უნდათ ჭიდაობა", - თქვა გომელაურმა.

09:00 საათიდან აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ.

პოლიციამ საკანონმდებლო ორგანოს შენობის ყველა შესასვლელი ჩახერგა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 10:00 საათზეა დანიშნული. 12:00 საათზე კი პლენარული სხდომა იგეგმება.

ეს პარლამენტის პიკეტირების მესამე მცდელობა იქნება.

წინა ორ შემთხვევაში შეკრებილი მოქალაქეები ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყენებით, ძალის გადამეტებით დაშალა.

აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრილოვის ღამის შემდეგ გაცემული დაპირება შეასრულოს და 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ჩაატაროს. შესაბამისი კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს ჩააგდო.

კომენტარები