20 ივნისის აქციაზე დაკავებულები

20 ივნისის აქციაზე დაკავებული: უგულავაზე, მელიაზე, ოქრუაშვილზე ჩვენებების მიცემას მთხოვდნენ

პირველი არხი

20 ივნისის აქციის დარბევისას ერთერთი დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი ამბობს, რომ ციხეში ოპოზიციის ლიდერების, კერძოდ გიგი უგულავას, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას სთხოვდნენ და ემუქრებოდნენ. ამის შესახებ ბუდაღაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. 

ბრალდებული ბუდაღაშვილი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მასთან საკანში რამდენჯერმე შევიდნენ ადამიანები ყალბი სახელებითა და გვარებით და სასურველი ჩვენების არ მიცემის შემთხვევაში, ოჯახის წევრებით დაემუქრნენ. 

"დაკავებიდან ორი დღის შემდეგ 6 ივლისს საკანში შემოვიდა 2 პიროვნება სამოქალაქო ტანსაცმლით, არც დამალეს, პირდაპირ მითხრეს, მე თუ არ ვიტყოდი ოქრუაშვილზე, მელიაზე და უგულავაზე იმას, რაც მათ უნდოდათ, შენს უკან ხალხი დგას, ძმებიც გყავს და იმათზე იფიქრეო. ირონიულად გავიცინე, ეს აქამდე კინოში მქონდა ნანახი, ასე პირდაპირ, არც მოერიდნენ ისე მითხრეს. როგორც ჩანს, გაღიზიანდნენ, შენი საქმის შენ იციო და გავიდნენ. როგორც აღმოჩნდება ხოლმე, იმ დერეფანში არც ერთი კამერა არ არის. არავის გავაგებინე, არც ადვოკატს. ამ საქმეზე პოლიტიკური ელფერის შეძენა ხდებოდა და აღარ დავასხი ცეცხლზე ნავთი, ვიფიქრე ცოტას გადახარშავდნენ და აზრზე მოვიდოდნენ. მეგონა, რომ ეს 30 წლის წინ გავიარეთ და უკან თუ დავბრუნდებოდით არ მეგონა, თან ძალიან ღრმად უკან," - ამბობს ბუდაღაშვილი. 

მისივე თქმით მსგავსი შეხვედრა მეორედ 18 ივლისსაც გამეორდა. ბრალდებული ამბობს, რომ იცის ვინ არიან ეს პიროვნებები და პროკურატურას ეტყვის დაინტერესების შემთხვევაში. 

"ყალბი სახელით და გვარებით არიან, სხვა საქმეებზეც მუშაობენ. პროკურატურასთან „ხოდი" გვაქვს და თქვი, სამივეზე თუ არა, ოქრუაშვილზე, ან უგულავაზე მაინცო. სახელი და გვარი ვიცი, მაღალჩინოსანია, პატიმარია და როგორც მითხრეს, მისი სახელი და გვარის გაცხადების უფლება არ მაქვს. პროკურორი თუ შემოვა, სახელს და გვარს დავუსახელებ და რომელ კამერაში ზის, იმასაც ვიტყვი. 6 წელი კი არა 26 რომ მომისაჯონ, ბოლომდე მივყვები! ციხეში ფსიქოლოგიური წამება მიდის! შემოვიდნენ არასამთავრობოები, პატიმრებს დარეკვას, პაემნებს უკრძალავენ," - ამბობს ბუდაღაშვილი. 

ბუდაღაშვილი ამ ფაქტს უკავშირებს მისი ერთი ძმის დაკავებას და ამბობს, რომ ის მეორე ძმაზეც მუქარები დაიწყო. მისივე თქმით, ამას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს. 

"იცოდეთ, მე ვზივარ ჩემს გამო და ჩემნაირების გამო. ერთ კვირაში ჩემი ძმა აბსურდული ბრალდებით დააკავეს. ეს ჩემზე პირდაპირ სიგნალი იყო, მეორე ძმაზეც დაიწყო მუქარები, გერმანიიდან ჩამოგიყვანთო. თავიდან მითხრეს, პროკურატურიდან ვართო, მაგრამ ზუსტად ვიცი პროკურატურიდან არ იყვნენ. ამას სხვა ორგანო, მაგალითად, სუს-ი აკეთებს," - თქვა ზურაბ ბუდაღაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ ზურაბ ბუდაღაშვილი და კიდევ სამი პირი ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებით დააკავეს. ოთხივე პირს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხებას და პარლამენტის შტურმს ედავება გამოძიება ენმ-ის ლიდერს ნიკა მელიას. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობის ბრალდებითა დაკავებული კიდევ ერთი ოპოზიციური პარტიის "გამარჯვებული საქართელოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი. 

კომენტარები