ვაჟა სირაძე

როგორ ახსნა შსს-მ სირაძის სიცრუე, რომ აქციის დაშლისას წყლის ჭავლი არ გამოუყენებიათ

შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის სიცრუე იმით ახსნეს, რომ დღეს, 26 ნოემბერს, აქციის დაშლისას წყლის ჭავლი გამოიყენეს არა პოლიციის, არამედ შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებმა.

"საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების გათავისუფლების დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ არ ყოფილა გამოყენებული სპეციალური საშუალებები რის შესახებაც ისაუბრა საპატრულო პოლიციის დირექტორმა, აღნიშნული საშუალებები გამოყენებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიერ",-უთხრეს ტაბულას შსს-ში. 

დღეს პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ თქვა, რომ პოლიციას აქციის დაშლისას წყლის ჭავლი არ გამოუყენებია. 

"პოლიციური ძალები გამოვიდნენ და აღნიშნული პირები ჩამოიყვანეს რუსთაველის გამზირზე. ყოველგვარი ძალადობის და სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის",-თქვა სირაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს. ერთ-ერთ მოქალაქეს, ზაზა ლიპარტიას წყლის ჭავლმა თვალი დაუზიანა.

კომენტარები