ვაჟა სირაძე

სირაძე ცრუობს, რომ პოლიციას აქციის დაშლისას წყლის ჭავლი არ გამოუყენებია

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით 25 ნოემბრის აქციის დაშლისას პოლიციას სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი არ მოუყენებია:

"გუშინ დაიწყო საპროტესტო აქცია და გადაიზარდა კანონდარღვევაში, ვინაიდან გარკვეულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რაზეც არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას. შესაბამისად, პოლიციური ძალები გამოვიდნენ და აღნიშნული პირები ჩამოიყვანეს რუსთაველის გამზირზე. ყოველგვარი ძალადობის და სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ პარლამენტთან მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოყენებით დაშლა დილის 05:00 საათზე დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს. ერთ-ერთ მოქალაქეს, ზაზა ლიპარტიას წყლის ჭავლმა თვალი დაუზიანა.


ფოტო: tv პირველი

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

კომენტარები