შეხვედრა ქართულ ოცნებაში

ხუნდაძე ივანიშვილთან შეხვედრაზე: პროდუქტიული იყო, პრინციპულ საკითხებზე შევთანხმდით

ტაბულა

"შეხვედრა იყო პროდუქტიული, პრინციპულ საკითხებზე შევთანხმდით", - ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ ქართული ოცნების ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრა შედგა მაჟორიტარებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის. მათ შორის იმ მაჟორიტარებთან, რომლებიც პროპორციულ სისტემას ეწინააღმდეგებიან.

ხუნდაძის ცნობით, შეხვედრაზე განსახილველი თემა საარჩევნო სისტემა იყო. დამატებით, თუ რაზე შეთანხმდნენ უმრავლესობაში და კონკრეტულად რატომ იყო გამართული შეხვედრა "პროდუქტიული", დიმიტრი ხუნდაძე არ აკონკრეტებს.

"ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ უნდა განვიხილოთ უმრავლესობის ფორმატში და იქ გაფორმდეს და სწორედ უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ გეტყვით რასთან დაკავშირებით იყო", - თქვა ხუნდაძემ.

მისივე ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა ქართული ოცნების ოფისში, ხვალ 10 საათზეა ჩანიშნული.

"ოცნების" ოფისში მაჟორიტარ დეპუტატებისა და ბიძინა ივანიშვილს შორის შეხვედრა დღეს, 24 ნოემბერს, შედგა.

შეხვედრაზე სავარაუდო განსახილველი თემა დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივა იყო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებას გულისხმობს.

ასევე, სხდომაზე, სავარაუდოდ, აკაკი ზოიძის ინიციატივაც განიხილეს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმს, ან პლებისციტს გულისხმობს.

კომენტარები