18 ნოემბრის აქციის დაშლა

მოსამართლემ სერგო რატიანი სასამართლო დარბაზიდან გააძევა

ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან, სადაც 18 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს დაკავებული მოქალაქეების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება, ევროპული საქართველოს დეპუტატი, სერგო რატიანი გააძევეს.

​მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა ამის მიზეზად მისი სიცილი დაასახელა. დარბაზიდან გასვლამდე რატიანმა მოსამართლეს უთხრა, რომ კი არ იცინოდა, "უმისამართოდ იღიმებოდა". სწორედ "უმისამართოდ გინებას" ასახელებენ აქციის მონაწილეების დაკავების მიზეზად სასამართლოში მოწმედ მიყვანილი პოლიციელები.

"თქვა, რომ გამაძევა სიცილის გამო. მე დავუზუსტე, რომ უმისამართოდ ვიღიმებოდი, რადგან ამას წინ უძღოდა ბრალდება, რომ ერთ-ერთი დაკავებული თითქოს იგინებოდა. როცა ჰკითხეს პოლიციელს, ვის აგინებდა, თქვა, რომ ზოგადად იგინებოდა, ვერ დააზუსტა ვის აგინებდა", - უთხრა რატიანმა ჟურნალისტებს დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ.

მოსამართლემ სიცილის გამო დარბაზიდან კიდევ რამდენიმე მოქალაქე გააძევა.

ამ ეტაპზე, მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი 6 ადამიანის საქმეს განიხილავს. ესენი არიან: გიგა მაქარაშვილი, ირაკლი კაჭარავა, დიმიტრი ბიძინაშვილი, ირაკლი ნადირაძე, დავით მჟავანაძე, პაატა სოსანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 ნოემბერს, მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული ყველა, 37 პირის საქმეს განიხილავდა. დღის მანძილზე დაცვის მხარემ არაერთხელ უშედეგოდ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რადგან მათი აზრით, ვალერიანე ფილიშვილი პროცესის გაჭიანურებას ცდილობდა. მოსამართლემ თავდაპირველად სხდომები მხოლოდ რამდენიმე საათით გადადო, გვიან ღამით კი ყველა პირი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გაათავისუფლა და განხილვა დღეისთვის, 20 ნოემბრისთვის ჩანიშნა. 4 პროცესი ნახევარ საათიანი შუალედით არის დაგეგმილი, სადაც ერთდოულად რამდენიმე ადამიანის საქმეზე იქნება განხილვა. კიდევ 13 დაკავებულის საკითხის განხილვა კი მოსამართლე ფილიშვილმა 5-წუთიანი შუალედებით ჩანიშნა.

18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 37 ადამიანი დააკავა. მათ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (სსკ-ის 173-ე მუხლი) და ხულიგნობას (166-ე მუხლი) ედავებიან.

პარლამენტთან აქცია სპეცრაზმმა იმის გამო დაშალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ და ოპოზიციამ ქართული ოცნების დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვა. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო. აქციის მონაწილეები ითხოვენ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ე.წ გერმანული მოდელით.

კომენტარები