Calvin Klein

გამოცემა ვოგის ინტერვიუ კელვინ კლაინთან - დიზაინერი 77 წლის გახდა

WWD

დღეს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დიზაინერს, კელვინ კლაინს, 77 წელი შეუსრულდა. თავის 2017 წლის ინტერვიუში გამოცემასთან Vogue, ის ქეით მოსზე, ნიუ-იორკზე, კომპანიის გაყიდვასა და რამდენიმე სხვა თემაზე საუბრობს. 

- საუბარი ქეით მოსით დავიწყოთ, Obsession-ის შავ-თეთრი რეკლამით თქვენ ჩვენი ახალგაზრდობის წლები ეროტიულობით აავსეთ. 

თხუთმეტი წლის იყო. თავიდანვე მომეწონა. ეს სუპერმოდელების ეპოქა იყო - ყველას დიდი მკერდი ჰქონდა, თვალშისაცემი არაჩვეულებრივი ფორმები, თუმცა მე უფრო ანდროგენული გარეგნობის ქალს ვეძებდი და ის (მოსი) იდეალური იყო. თანაც არ მიყვარდა იმ სახეებთან მუშაობა, რომლებიც სხვებმა უკვე ბევრჯერ გამოიყენეს, ის კი თავისი მეგობარი ბიჭის - მარიო სორენტის ფოტოებზე გამოჩნდა. მაშინ სორენტი ჯერ ფოტოგრაფიც კი არ იყო. მე ისინი Virgin Island-ზე გავუშვი, ყველაფერი გადავუხადე, მარტოები იყვნენ, არანაირი მსახიობები ან ასისტენტები. ნიუ-იორკში რომ დაბრუნდნენ ეს უჩვეულო ფოტოები ჩამოიტანეს, რომლებზეც სიყვარულით შეპყრობილი ადამიანი იყო აღბეჭდილი.


ფოტო: milanese

- როგორი იყო ნიუ-იორკი თქვენი ახალგაზრდობის დროს?

ძალიან ამაღელვებელი. რა თქმა უნდა, არსებობდა Studio 54, მაგრამ მთლიანი ქალაქი ერთი დიდი წვეულება იყო, საინტერესო ადამიანების მოგზაურობა, კლუბებიდან ბარებში. ყველას საკუთარი წვეულება უნდოდა, Studio 54 კი სექსის, ფანტაზიისა და თავისუფლების მექად იქცა. თუმცა, ეს ადგილი სამუშაოს მექაც იყო. ერთხელ დილის სამზე დამირეკეს და შემომთავაზეს ჯინსების დიზაინი შემემუშავებინა. მეც დავთანხმდი. 


ფოტო: Billboard

- 1982 წელს თქვენი კოლექციის სკანდალური პოსტერები თაიმ სქვერზე გამოჩნდა

პირველად ისტორიის განმავლობაში, მამაკაცის თეთრეული სექსუალური იყო. ჩვენ ათლეტი ტომ ჰინტნაუსი დავიქირავეთ. მას შემთხვევით შევხვდი. დავინახე, როგორ დარბოდა. გავაჩერე, საკუთარი თავი წარვუდგინე. საოცარი ფიზიკური მონაცემები ჰქონდა. "სანტორინიზე წაგიყვან" ვუთხარი მას და მართლაც, ბრიუს ვებერთან ერთად წავედით, მან კი ეროტიული კადრები გადაუღო. პოსტერებს კედლებიდან გლეჯდნენ, რეპერები თავიანთ თეთრეულს ჯინსებიდან აჩენდნენ, ბავშვებიც კი მას ბაძავდნენ. 

2002 წელს კომპანია გაყიდეთ. გინანიათ ოდესმე?

არასდროს. ვმოგზაურობ და სხვა რაღაცებით ვარ დაკავებული. ლექციებს ვკითხულობ. ხალხმა იცის კომპანიის შესახებ, მაგრამ არ იცნობს ადამიანს, რომელიც მის უკან დგას. ბოლო სამი წელის წიგნს ვწერდი და საკმაოდ აქტიური სოციალური ცხოვრება მქონდა ნიუ-იორკსა და ლოს ანჯელესში. 

როგორ შეიცვალა მოდის სამყარო დღეს?

ინტერნეტი. ეს რევოლუციური იყო. ჩვენ ძალიან დიდი საერთაშორისო კომპანია შევქმენით. ახლა კი სოციალური მედიის დახმარებით, ბევრად უფრო მარტივია უამრავ ადამიანს გადაწვდე. 

- თქვენ სოციალურ ქსელებს იყენებთ?

ძალიან იშვიათად. ზოგჯერ ვდებ ფოტოს ინსტაგრამზე, თუმცა ვცდილობ პირადი ცხოვრება საკუთარი თავისთვის შევინახო. 

- ამიტომაც ვიცით ასე ცოტა რამ თქვენზე

(იცინის) კი, ჩვენ ხშირად ვაწარმოებთ პიარ კამპანიებს, თუმცა პირად ცხოვრებას ვმალავთ. ჩვენ გვინდოდა ჩვენს პროდუქციაზე, ქმნილებებზე გვესაუბრა და არა ჩვენს თავებზე. ამიტომ ვიყენებთ სოციალურ მედიას, თუმცა საკუთარი თავისთვის მისი გამოყენება არ დაგვჭირვებია. 

 

კომენტარები