ხოშტარია: ქართულ ოცნებას ყველგან პროტესტი დახვდება, ვერ იმუშავებენ ისე, ვითომც არაფერი

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ქართული ოცნების ოფისთან ის ადამიანები არიან შეკრებილები, რომლებიც არიან შეურაცხყოფილები იმ ტყუილებით, რასაც ქართული ოცნებისგან ისმენენ და რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ დაიბრუნონ ის არჩევნების უფლება, რაც მათ ბიძინა ივანიშვილმა წაართვა. 

"ყველგან ქართულ ოცნებას დახვდება მსგავსი პროტესტი. ისინი ვერ გააგრძელებენ მუშაობას ისე, ვითომც არაფერი," - თქვა ხოშტარიამ, რომელიც თვითონაც იღებს მონაწილებას ოცნების ოფისთან მიმდინარე აქციაში. 

ქართული ოცნების ოფისში 11:00 საათისთვის უმრავლესობის სხდომა იყო ჩანიშნული, სადაც მოქალაქეები გასაპროტესტებლად მივიდნენ. ისინი წინა თუ უკანა შესასვლელიდან შესულ დეპუტატებს "მონის" სკანდირებით აცილებენ. 

მმართველი გუნდის ოფისთან დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. აგილზე მყოფი ტაბულას რეპორტიორის ინფორმაციით, სამართალდამცველების რაოდენობა იმატებს. 

უმრავლესობის ეს სხდომა პირველია მას შემდეგ, რაც 12-მა დეპუტატმა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონის ჩაგდების გამო უმრავლესობა დატოვა. 

14 ნოემბერს ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. 

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ, წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნიდან ერთერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო.

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები