მიხეილ ჩხენკელი

ჩხენკელი: განათლების და კულტურის სამინისტროების კვლავ გაყოფაზე გუნდში ვმსჯელობთ

აჭარის ტელევიზია

განათლების ხელახლა დანიშნული მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, კულტურის სამინისტრო მის უწყებას უნდა გამოეყოს.

ჩხენკელმა თქვა, რომ ამის შესახებ გუნდის შიგნით საუბარი მიმდინარეობს. მისივე თქმით, თავადაც სამინისტროების გაყოფას ემხრობა.

"გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს. ჩემი პოზიცია ასეთია, რომ კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე. კულტურა საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის დარგია. გუნდში მსჯელობა მიმდინარეობს და როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, გაცნობებთ.

რაც შეეხება სპორტს, ეს პირდაპირ დაკავშირებულია ახალგაზრდობის საკითხებთან, ანუ, მასობრივი სპორტი ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია სკოლებისთვის, ასევე მინდა აღვნიშნო განსაკუთრებული მნიშვნელობა საუნივერსიტეტო სპორტის, შესაბამისად სპორტის ჩართულ;ობა განათლების სისტემაში და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალინ მნიშვნელოვანი და აქ არის მნიშვნელოვანი ლოგიკური ბმა სისტემებს შორის.

არის არგუმენტები, რომ სფეროები მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. გამოყოფის შემთხვევაშიც განათლების სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან მჭიდრო კავშირს შეინარჩუნებს.

ჩემი პოზიცია მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ კულტურის სამინისტრო უნდა არსებობდეს ცალკე", - თქვა მიხეილ ჩხენკელმა.

ჩხენკელი განათლების მინისტრის პოსტზე მეორედ გუშინ, 13 ნოემბერს დანიშნეს.

განათლების და კულტურის სამინისტროები კი 2018 წლის ივნისში, სამთავრობო ცვლილებების დროს გაერთიანდა.

კომენტარები