ტრეფიკინგი

"12 და 13 წლის შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა" - ტრეფიკინგის ბრალდებით დედა დააკავეს

Unicef

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ბავშვების დედა დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1984 წელს დაბადებული ი.უ. 12 და 13 წლის ბავშვებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა.

"ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს - 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა. კერძოდ, ი.უ. მათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.

სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ასევე, ფოტო გადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითაც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები