And Then We Danced

ვასაძე: მივაწვეთ პოლიციას, შევიდეთ დარბაზში, გადავეფაროთ ეკრანს და ვუთხრათ ხალხს, გავიდნენ

მინდა, ყველას მოგიწოდოთ, არ იყოს ძალადობა, ძალიან გთხოვთ. თითოეულ ჩვენს თანამოაზრეს, ვისაც თავი მიაჩნია ჩვენს მომხრედ, მივმართავ - გავაკეთოთ ყველაფერი მშვიდობიანად. უბრალოდ მივიდეთ, თუ დაგხვდება პოლიციის კორდონი, რომელიც არ შეგვიშვებს, უბრალოდ გავწიოთ, მივაწვეთ მათ და გავწიოთ ისინი გვერდზე.

პოლიიელები, რომლებსაც შეეშინდებათ ხალხის მხარეს გადმოსვლა და რომლებიც იძულებულები იქნებიან, რომ ჩვენ გვირტყან, ან ჩვენზე იძალადონ, არ არიან ჩვენი მტრები. არც ის უბედური და გარყვნილი ხალხი, რომელიც შეიძლება იმ დარბაზში დაჯდეს, არ არის ჩვენი მტერი. ჩვენი მტერი არის ის იდეოლოგია, რომელიც ასეთ ჩვენებებს უშვებს საქართველოში, ჩვენი მიზანი დარბაზში შესვლისას არ იქნება ამ ხალხის ცემა-ტყეპა. რომაც მათ ხელი დაგარტყან თქვენ, დაგპორჭყნონ სახეზე, მოგაყენონ შეურაცხყოფა, გითხრან - მე ბილეთი მაქვს ნაყიდი და შენ რა უფლება გაქვს, რომ შენი ქვეყნის ტრადიციას იცავო, ძალიან გთხოვთ, ნუ გალახავთ ნურავის, რამდენადაც შეძლებთ, არ შეუბრუნოთ ხელი არავის, უბრალოდ შევიდეთ ამ დარბაზებში და ჩავშალოთ ეს ჩვენებები.

თითოეულ დარბაზში, სადაც შევალთ, დავდგებით ეკრანის წინ, გადავეფარებით მას და ხმამაღლა მოვუწოდებთ სეანსის დამსწრეებს, რომ დატოვონ კინოთეატრი. ჩვენ შევალთ საოპერატოროებში და ყოველგვარი ტექნიკის დაზიანების და მტვრევის გარეშე დავაჭერთ ღილაკს თითს და გავთიშავთ ფილმის ჩვენებას.

თუ ხელს შეგვიშლიან, თუ იძალადებენ თუ გვირტყამენ, თუ ჩაგვქოლავენ, იცოდენ, რომ ამის შემხედვარე, უფრო და უფრო მეტი ხალხი გამოვა ჩვენს მხარდასაჭერად...

...19:00-სთვის მივადგებით ამ კინოთეატრებს და ყველა ჩვენს თანამოაზრეს, ვინც ეწინააღმდეგება ამ საშინელების ჩვენებას, მოვუწოდებთ, სადაც თქვენთვის მოსახერხებელია, იქ მიბრძანდით

პროპუტინური ძალადობრივი ჯგუფის ლიდერმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილებს გააცნო გეგმა, როგორ აპირებს ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების ჩაშლას. მათი განცხადებების გამო, კინოთეატრებთან პოლიციელები არიან მობილიზებულები და გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

კომენტარები