სახალხო დამცველმა ია კერზაიას საქმის მასალების შესწავლა დაასრულა

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმის მასალების შესწავლა დაასრულა. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ პროკურატურის მიერ შეწყვეტილი საქმის მასალების შესწავლის შემდეგ, აპირებენ ია კერზაიას შვილთან, ბაჩანა შენგელიასთან გასაუბრებასაც.

ომბუდსმენის თქმით, სწორედ ამის მერე დააფიქსირებს ამ საკითხზე თავის პოზიციას.

ცნობისთვის, დღეს, 7 ნოემბერს თანამდებობა დატოვა საქართველოს განათლების მინისტრმა. სწორედ მიხეილ ბატიაშვილის პოსტზე ყოფნის პერიოდში გარდაიცვალა ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორი, ია კერზაია. ის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, ამავე წლის 2 დეკემბერს კი, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა.

აღსანიშნავია, რომ 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან მთავრობას წერილით მიმართა და ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას, საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

მიმდინარე წლის 23 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორის გარდაცვალების საქმეზე, "დანაშაულის არ არსებობის გამო", გამოძიება შეწყვიტა. უწყების თქმით, არ დადასტურდა, რომ "ადგილი ჰქონდა "ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას".

ბაჩანა შენგელიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართ. მისი თქმით, სტრასბურგში საქმის ის მასალები გაგზავნა, რომელიც ერთწლიანი ბრძოლით, მეგობრების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით მოიპოვა.

კომენტარები