​ომბუდსმენი მაკო გომურის დაზარალებულის სტატუსზე: ეს დადგენადი იყო აქამდე

ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამდენი დრო არ იყო საჭირო იმისთვის, რათა პროკურატურას გადაეწყვიტა უნდა მიენიჭოს თუ არა მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი.

ნინო ლომჯარია ასევე განმარტავს, რომ სტატუსის მინიჭებისთვის საჭიროა შესაბამისი მტკიცებულებები, თუმცა, მას მიაჩნია, რომ მაკო გომურის საკითხი აქამდეც დადგენადი იყო.

"რა თქმა უნდა, უნდა დადგინდეს ვინ რა ვითარებაში მიიღო დაზიანება და ამისთვის საჭიროა შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვება, იქნება ეს ჩვენებები თუ ვიდეო მასალები. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაკო გომურთან დაკავშირებით ეს დადგენადი იყო აქამდე და ამდენი დრო არ იყო საჭირო იმისთვის, რომ პროკურატურას გადაეწყვიტა უნდა მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი თუ არა, რადგან ამ შემთხვევაში გაცილებით მარტივია ყველაფერი", - თქვა ომბუდსმენმა.

ამასთან, ნინო ლომჯარია გამოეხმაურა მაკო გომურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით მას ექსპერტიზამ ჰკითხა ჯანსაღი თვალი დაკარგა თუ არა. საქართველოს სახალხო დამცველის თქმით, ვერ ხსნის, რატომ შეიძლება ეკითხა ეს ექსპერტიზას.

"ნამდვილად ვერ ვხსნი და არ მაქვს პასუხი იმ კითხვაზე, რატომ შეიძლება აინტერესებდეს ან რატომ შეიძლება დაესვა ექსპერტიზას ასეთი ტიპის კითხვა. მე ვფიქრობ, რომ პროკურატურამ აუცილებლად დროულად უნდა მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი იმ პირებს, სადაც იკვეთება, რომ ისინი არიან დაზარალებულები. მოვუწოდებ, დააჩქაროს ამ მიმართულებით საქმიანობა და მათ შორის, პირველ რიგში, განიხილოს იმ ადამიანების საკითხები, რომლებმაც მიიღეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება", - ამბობს ნინო ლომჯარია.

20 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულ მაკო გომურს და სხვა პირებს პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულის სტატუსზე უარი უთხრა. სასამართლოს განმარტებით, "აუცილებელია, საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს ზიანი".

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. კერძოდ, აქციის ძალადობრივად დაშლიდან ოთხი თვის შემდეგ, დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილე, რომელთა შორის მაკო გომური არ არის. მან 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.

კომენტარები