And Then We Danced

მეუფე პეტრე And Then We Danced-ზე: ვიღაცას აწყობს დაპირისპირების ხელოვნურად დადგმული სცენარი

რადიო ფორტუნა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ამბობს, რომ "და ჩვენ ვიცეკვეთ" ფილმის პრემიერის გარშემო განვითარებული მოვლენები სინოდის სხდომის გადაფარვას ემსახურება. 

მისი თქმით, ეს არის ხელოვნურად დადგმული დაპირისპირების სცენარი. 

"შევახსენებდი საპატრიარქოს ამ უპასუხისმგებლო ჯგუფს სახარებიდან ამ სიტყვებს "მკურნალო განკურნე თავი შენი". ვიღაცას აწყობს ეს. ხელოვნურად დადგმული სცენარი დაპირისპირებისა. ანუ ეს, მე ვფიქრობ რომ სინოდის ამბების გადაფარვის მცდელობაა. ფაქტიურად შეთანხმებული სცენარია ამ ფილმის ჩვენების ორგანიზაცია და ამ წინააღმდეგობაც. ორივე შეთანხმებულია"- ამბობს მეუფე პეტრე.  

მისი თქმით ამ ეტაპზე ფილმის ჩვენება არ უნდა მოხდეს. 

"უნდა დავგმოთ და ვაღიაროთ ამ მომაკვდინებელი ცოდვის არსი და შეიძლება ბევრმა ე.წ გეიმ აჯობოს სინანულში მქადაგებელს"- აღნიშნავს მეუფე პეტრე ცაავა. 

ცნობისთვის, ქართული მარშის ლიდერი სანდრო ბრეგაძე ამბობს, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას არ დაუშვებს. მაყურებლების კინოთეატრებში არ შეშვებით იმუქრება გურამ ფალავანდიშვილიც. ძალადობრივი ჯგუფების კიდევ ერთი ლიდერი, ლევან ვასაძე კი აღნიშნავს, რომ გაწევენ პოლიციელებს, შევლენ საოპერატოროში და ფილმის ჩვენებას გათიშავენ. აქციაზე ყოფნას აანონსებს სასულიერო პირების ნაწილიც.

საპატრიარქომ ფილმტან დაკავშირებით დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა სადაც ამბობს, რომ "დაიწყო დიდი შეტევა ეკლესიაზე და ეროვნულ ფასეულობებზეც". საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ლევან აკინის ფილმის საქართველოს კინოთეატრებში ჩვენებას "ყოვლად მიუღებლად" მიიჩნევს. მათივე თქმით, შემთხვევითი არაა, რომ ფილმს სინოდის სხდომის შემდეგ აჩვენებენ. თუმცა, ის, რომ "და ჩვენ ვიცეკვეთ" საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს, 3 დღით გამოვიდოდა, 26 ოქტომბერს გახდა ცნობილი. სინოდის სხდომა, სადაც მეუფე პეტრემ პატრიარქი "პედერასტიასა და მამათმავლურ ცოდვაში" დაადანაშაულა, 31 ოქტომბერს ჩატარდა. შესაბამისად, საპატრიარქოს განცხადება, რომ ფილმის ჩვენება "წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებული მოვლენების ფონზე დაიგეგმა", არასწორია.

კომენტარები