ესპანეთი

სანჩესი: არჩევნების დღისთვის კატალონიაში დიდი რაოდენობით სპეცრაზმი გავაგზავნეთ

პედრო სანჩესი
The National

ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა თქვა, რომ არჩევნების დღისთვის კატალონიაში დიდი რაოდენობით სახელმწიფო უსაფრთხოების ძალები გაგზავნა. გასულ დღეებში კატალონიაში ესპანეთისგან დამოუკიდებლობის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მრავალათასიანი აქციები გაიმართა, რაც რამდენჯერმე სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.  

ბარსელონაში ეროვნული პოლიციის სპიკერის თქმით, კატალონიაში სპეცრაზმის გაგზავნის მიზეზი იყო ის, რომ არჩევნების დღეს უსაფრთხოება დაეცვათ:

"პოტენციური არეულობის თავიდან ასარიდებლად, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო უბნების დაბლოკვას შეეცდებიან".

მისი თქმით, არჩევნების დღეს წესრიგს რეგიონული პოლიცია დაიცავს, თუმცა უსაფრთხოების ძალები ყოველი შემთხვევისთვის მზად იქნებიან.

10 ნოემბერს ესპანეთში ბოლო 4 წლის განმავლობაში მეოთხე არჩევნები ჩატარდება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სანჩესის სოციალისტურმა პარტიამ ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა პარლამენტში, პრემიერმინისტრმა მთავრობის შექმნისთვის პარლამენტში საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო: 

"შეუძლებელი იყო იმ მანდატის შესრულება, რომელიც ესპანელმა ხალხმა 28 აპრილს მოგვცა. [მოწინააღმდეგე პარტიებმა] ეს ჩვენთვის შეუძლებელი გახადეს."

14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიის ყოფილი მთავრობის წევრებს 2017 წლის დამოუკიდებლობის რეფერენდუმში და რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადებაში როლისათვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა.

მათ მხარდამჭერებს მშვიდობიანი აქციის გამართვისაკენ მოუწოდეს, თუმცა პროტესტი დაპირისპირებაში გადაიზარდა.

გასული წლის 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმი ესპანეთმა არაკონსტიტუციურად, მისი შედეგები კი არალეგიტიმურად სცნო. რეფერენდუმში მონაწილეთა 90%-მა მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. თუმცა, მთლიანობაში, რეფერენდუმში მონაწილეობა კატალონიის მცხოვრებთა 42%-მა მიიღო.

მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს კატალონიის რეგიონული მთავრობის ლიდერმა ჟოაკიმ ტორამ თქვა, რომ ორ წელიწადში დამოუკიდებლობის საკითხზე ხელახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

კომენტარები