And Then We Danced

თალაკვაძე: ყველას შეუძლია, ხელოვნებაში თავისი თავი გამოხატოს ისე, როგორც საჭიროდ თვლის

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ფილმის And Then We Danced პრემიერის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ძალადობრივი ჯგუფების მუქარას ეხმაურება და ამბობს, რომ საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხე არ ემუქრება და "ხელისუფლებას ვერავინ ვერაფერს ვერ მოუწყობს"

"თუ ვინმეს სურს პროტესტის გამოხატვა, შეუძლია ეს პროტესტი გამოხატოს მშვიდობიანი ფორმებით, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს. რაც შეეხება თავად ფილმს და ხელოვნებას, ჩვენ გვაქვს თავისუფალი ქვეყანა, კულტურული საზოგადოება და ყველას შეუძლია ხელოვნებაში თავისი თავი გამოხატოს ისე, როგორც ამას საჭიროდ თვლის"- ამბობს თალაკვაძე. 

ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება. 

„ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, მისი მოძრაობა ლგბტ თემაზე გადაღებული მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“  პრემიერის ჩაშლას და კინოთეატრების ბლოკირებას გეგმავს.

გურამ ფალავანდიშვილი კი აანონსებს, რომ მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ და თავად დაიკავებენ დარბაზებს. 

ლევან ვასაძე კი მოუწოდებს ხელისუფლებას "დაუყოვნებლივ გააუქმოთ ეს კინოჩვენება და მსგავსი აღარაფერი აკადროთ საქართველოს არასოდეს."

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

 

კომენტარები