And Then We Danced

ოხანაშვილი "მარშის" მუქარაზე: არ უნდა მოხდეს იმის დემონსტრირება, რაც ხალხს აღაშფოთებს

უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებაში არ მოხდეს ისეთი საკითხებით მანიპულირება და დემონსტრირება, რომელიც საზოგადოების მასობრივ აღშფოთებას გამოიწვევს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ფილმის And Then We Danced პრემიერის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ძალადობრივი ჯგუფების მუქარას ეხმაურება. ოხანაშვილი ამბობს, რომ თუ კანონი დაირღვევა სამართალდამცავებისგან რეაგირება იქნება. 

"ჩვენთვის გამოხატვის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რომელსაც ჩვენ ვიცავთ. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ჩვენს საზოგადოებაში არ მოხდეს რაიმე ფორმის ისეთი საკითხებით მანიპულირება და დემონსტრირება, რომელიც საზოგადოების მასობრივ აღშფოთებას გამოიწვევს, რაც არის ძალიან საფრთხილო. თუკი ვინმე რაღაცა ზღვარს ცდება და რაიმე ფორმით არ არის კანონის ფარგლებში, კონკრეტული საკითხები მუქარა იქნება თუ ასე შემდეგ, ამით დაინტერესდება კონკრეტული საგამოძიებო ორგანო," - ამბობს ოხანაშვილი. 

ფილმის პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში მიმდინარე წლის 8 ნოემბერს გაიმართება. 

„ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის თქმით, მისი მოძრაობა ლგბტ თემაზე გადაღებული მხატვრული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“  პრემიერის ჩაშლას და კინოთეატრების ბლოკირებას გეგმავს.

გურამ ფალავანდიშვილი კი აანონსებს, რომ მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ და თავად დაიკავებენ დარბაზებს. 

ლევან ვასაძე კი მოუწოდებს ხელისუფლებას "დაუყოვნებლივ გააუქმოთ ეს კინოჩვენება და მსგავსი აღარაფერი აკადროთ საქართველოს არასოდეს."

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

კომენტარები