საიმპიჩმენტო გამოძიება დონალდ ტრამპის მიმართ

ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მიცემული ჩვენება შეცვალა

გორდონ სონდლენდი
AFP

ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა გორდონ სონდლენდმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მიცემული ჩვენება შეცვალა. ეს ფაქტი მისი ჩვენების ტრანსკრიპტის გასაჯაროვების შემდეგ გაირკვა.

ჩვენებაში სონდლენდი ადასტურებს, რომ უკრაინისათვის სამხედრო დახმარების მიწოდება ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებასთან იყო დაკავშირებული.

"ახლა მახსენდება 2019 წლის პირველ სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველთან, ანდრეი იერმაკთან შეხვედრა ვარშავაში. მე ვთქვი, რომ აშშ-ის მხრიდან დახმარების გაგრძელება მოსალოდნელი არ იყო, სანამ უკრაინა ანტიკორუფციულ განცხადებას, რომელსაც კვირების განმავლობაში განვიხილავდით საჯაროდ არ გაავრცელებდა." ამბობს სონდლენდი.

ის ირწმუნებოდა, რომ ეს ფაქტი ჩვენების პირველად მიცემისას დაავიწყდა. სონდლენდის მოსმენა კონგრესში 17 სექტემბერს გაიმართა და 10 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. თავდაპირველად მან თქვა, რომ დონალდ ტრამპს სიტყვაზე ენდო, რომ სამხედრო დახმარება და ზელენსკისთან შეხვედრა კორუფციის და ბაიდენების გამოძიებასთან კავშირში არ იყო, თუმცა კონგრეში ერთ კვირაში დაბრუნდა და ჩვენება შეცვალა.

მან თქვა, რომ უკრაინისათვის დამხარების შეჩერება ცუდი გადაწყვეტილება იყო და ვინაიდან ამისათვის დამაჯერებელი ახსნა არ არსებობდა, მან დაასკვნა, რომ კორუფციის გამოძიებასთან იყო კავშირში.

საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მიცემული ჩვენების ტრანსკრიპტების გასაჯაროვება მეტი გამჭვირვალობის მიზნით მიმდინარე კვირას დაიწყეს.

გასაჯაროვდა უკრაინაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კურტ ვოლკერის ჩვენებაც, რომელშიც ის ამბობს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უფრო მეტად დაინტერესებული იყო არა ზოგადად კორუფციასთან ბრძოლით, არამედ ბაიდენების წინააღმდეგ სამხილების მოპოვებით. "ჩემი აზრით, ჯულიანი ბაიდენებით იყო დაინტერესებული." თქვა მან.

თეთრ სახლში კი ამბობენ, რომ ტრანსკრიპტები მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ გამოძიება უკანონო და უსაფუძვლოა და საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს.

კონგრესში ჩვენების მისაცემად დაიბარეს თეთრი სახლის შტაბის უფროსი მიკ მულვეინიც. სხვა მოწმეების ჩვენებებიდან ჩანს, რომ ის ცენტრალურ როლს თამაშობდა ზელენსკის თეთრ სახლში ვიზიტის ორგანიზებაში, რის სანაცვლოდაც ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიებას ითხოვდნენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება ოფიციალურად 24 სექტებერს გამოაცხადა, პირველ ნოემბერს კი წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიებას ფორმალურად განსაზღვრავს.

რეზოლუციაში განსაზღვრულია როგორ წარიმართება გამოძიების შემდეგი, უფრო საჯარო ფაზა და განსაზღვრავს ტრამპის ადვოკატებისთვის სათანადო სამართლებრივი პროცედურებს.

გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

სკანდალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულ მედიაში გავრცელდა და მალევე ტრამპმა თავად გამოაქვეყნა საუბრის ტრანსკრიპტი. როგორც ტრანსკიპტიდან ირკვევა, ის ზელენსკის აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. ტრამპი ირწმუნება, რომ ამაში უკანონო არაფერი ყოფილა.

თუმცა, ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაწერა ანონიმური მხილება, რომელშიც ის სწორედ ამ სატელეფონო საუბარზე და თეთრი სახლის თანამშრომლების მიერ მისი დამალვის მცდელობაზე საუბრობს.

მიუხედავად ტრამპის მხრიდან კატეგორიული უარყოფისა, ფაქტი, რომ მან საუბრამდე მცირე ხნით ადრე უკრაინისათვის სამხედრო დამხარების შეჩერება ითხოვა, ხოლო ზელენსკის მიერ ამ თემის წამოწევის შემდეგ საუბარი ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიებაზე გადაიტანა, ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილს შანტაჟის მტკიცებულებად მიაჩნიათ.

ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები