მინდია ლავასოღლის საქმე

ლავასოღლის გათავისუფლების მოთხოვნით ოჯახი ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან აქციას მართავს

პრაიმკრაიმი

ე.წ კანონიერი ქურდის, მინდია გორაძის (ლავასოღლი), ოჯახი ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან აქციას მართავს. ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ მინდია ლავასოღლი თურქეთში უკანონოდაა დაკავებული. 

ისინი თურქეთის კონსულთან შეხვედრას და თურქეთის ციხიდან მინდია ლავასოღლის გათავისუფლებას ითხოვენ. ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის, თქმით, თურქეთში მას არანაირი ბრალდება არ აქვს წარდგენილი. 

"ის დააკავეს და ციხეში იმყოფება, შემდეგ გამოუშვეს, თუმცა ერთ დღეში უკანვე შეაბრუნეს,"- ამბობს კობაიძე. მის ამ კომენტარს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. 

ადვოკატისვე თქმით, სამართლებრივად თურქეთი ლავასოღლის არაფერს ედავება და მისთვის არც მისჯილი აქვს. 

"ასე გაურკვევლად იმყოფება ციხეში,"- ამბობს კობაიძე.

ადვოკატის თქმით, ლავასოღლის დაცვის მხარემ საქართველოს მხრიდან წერილი მიიღო, სადაც წერია, რომ საქართველოს არ აქვს არანაირი ცნობა იმის შესახებ, ლავასოღლი არის თუ არა დაკავებული თურქეთში. 

"ჩვენ გვაქვს ლოგიკური კითხვა, თუ საქართველო არაფერ შუაშია, მაშინ თურქეთი რა შუაშია? ჩვენი მოთხოვნაა, რომ შეგვხვდეს თურქეთის კონსული და ავუხსნათ სიტუაცია..." - ამბობს ალექსანდრე კობაიძე. 

ე.წ კანონიერი ქურდი მინდია გორაძე (ლავასოღლი) თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში 2018 წლის 25 ოქტომბერს დააკავეს. მას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაშიც პატიმრობა ემუქრება გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წლის 20 ივლისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ძალაში გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის მიხედვითაც, ლავასოღლი სასამართლომ კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ლავასოღლის ადვოკატი მის დაკავებამდე ერთი თვით ადრე ამბობდა, რომ ლავასოღლის საქართველოში ჩამოსვლა სურდა, ტუმცა მას ძალოვანი უწყებები ეუბნებოდნენ, რომ მისი ადგილი საქართველოში არ არის. 

კომენტარები