პრეზიდენტის შეწყალება

პრეზიდენტი: შეწყალების წესის შესახებ ბრძანებულების პროექტი პარლამენტს გადაეგზავნა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების ახალი წესის შემუშავებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და ვიცეპრემიერსა და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, ადმინისტრაციაში "შეწყალების წესის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი შემუშავდა, რომელიც შესაბამისი რეკომენდაციებისთვის საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.

"აღნიშნულ საკითხზე დღეს ძალიან საინტერესო მოსაზრებები მოვისმინე იუსტიციის მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარისგან. არანაირი სირთულე არ არსებობს და იმედი მაქვს, რომ ჩემს ადმინისტრაციაში ბრძანებულების ტექსტის რედაქტირება ძალიან მალე დასრულდება იმ პრინციპების გათვალისწინებით, რომელზეც შევთანხმდით და რომელიც ჩემთვის სრულიად მისაღებია, იმისათვის, რომ დროულად გამოიცეს პრეზიდენტის ახალი ბრძანებულება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, "შეწყალების წესის შესახებ" პრეზიდენტის ბრძანებულების ტექსტი, ამ ეტაპზე, საჯარო არაა.

პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლების გამოყენების საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ცნობილი გახდა, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ 34 მსჯავრდებულს შორის არის პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. ასევე, მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა. 

საქმეზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნაწილი გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას არ აქვს უფლება, საზოგადოებას რამე განუმარტოს. ასევე მედიას კითხვა შეუბრუნა - "არა, რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში?", - თქვა მან.

პრეზიდენტს გასული 9 თვის განმავლობაში, შეწყალებაზე განცხადებით სულ 4468 პირმა მიმართა, საიდანაც პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება 91 მსჯავრდებულზე მიიღო. აქედან 60 - ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, მითვისებაზე, 3 მკვლელობაზე, 3 ქრთამის აღება-მიცემაზე და სხვაზე.

კომენტარები