საპატრიარქო

მეუფე ანტონი: ნამდვილად არასოდეს მსმენია, რომ პატრიარქს გადადგომის სურვილი ჰქონოდა

რუსთავი 2

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი ტვ პირველის ეთერში გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ აწ უკვე ყოფილი ქორეპისკოპოსი იაკობის განცხადებების შემდეგ ილია II პატრიარქობიდან გადადგომას გეგმავდა. 

მეუფე ანტონის თქმით, მას არასოდეს სმენია, რომ პატრიარქს გადადგომის სურვილი გამოეხატოს. 

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე იაკობის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ მას ურჩევნია წმიდა სინოდის კრებას დაელოდოს და მხოლოდ შემდეგ გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები. 

"საერთოდ მეუფე იაკობის მკვეთრი განცხადებები მღვდელმთავრებისა და საზოგადოებისთვის ცნობილია, მაგრამ მათი შინაარსობრივი ფორმის განხილვისგან მე თავს შევიკავებდი, რადგან ისინი ბევრ კითხვებს აჩენენ და ჩემი ვარაუდები საზოგადოებაში უფრო მეტ კითხვებს გააჩენს," - ამბობს მეუფე ანტონი. 

მიტროპოლიტის თქმით, მას გაუკვირდა, როდესაც გაიგო, რომ წმინდა სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს ჩაინიშნა, რასაც იმით ხსნის, რომ სინოდი, როგორც წესი, წლის ბოლოს, დეკემბრის მიწურულს იკრიბებოდა ხოლმე. 

"მაგრამ ეს არაფერს წყვეტს. რა თქმა უნდა, საკითხები დაგროვებულია. 23 წელია მღვდელმთავარი ვარ და საკითხები ყოველთვის ბევრია განსახილველი... ასეთი სიმძაფრე ნამდვილად არასოდეს ყოფილა,"- ამბობს მიტროპოლიტი. 

მისივე თქმით, გამორიცხულია სინოდიდან როგორც მეუფე იაკობის, ისე მეუფე პეტრეს გაწვევა. 

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

28 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობი პატრიარქოს ქორეპისკოპოსი აღარ არის. საპატრიარქოს ვებ გვერდზე წერია, რომ მეუფე იაკობი თავისივე თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა.

29 ოქტომბერს მამა მიქაელ ბოტკოველმა თქვა, რომ სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს ჩაინიშნა. ამავე განცხადებაში მამა მიქაელმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიარქი გადადგომას გეგმავდა. 

კომენტარები