კიბერშეტევა ქართულ ვებგვერდებზე

შსს: შესაძლოა, კიბერშეტევა მომხდარიყო, როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე უცხო ქვეყნიდან

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ყველა იმ პირის გამოკითხვა მიმდინარეობს, ვინც შესაძლოა 28 ოქტომბერს სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს. უწყებისვე ცნობით, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. 

შსს-ის ცნობით, ამ დროისთვის ვებგვერდების უმეტეს ნაწილზე წვდომა აღდგენილია და უახლოეს პერიოდში სხვა ვებგვერდების ფუნქციონირებაც სრულად აღდგება. 

"შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე რომელიმე უცხო ქვეყნიდან,"- წერია შსს-ს განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ქართული მხარე ამ გამოძიების ფარგლებში პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობს და ინფორმაციის გაცვლა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

"ამ ეტაპზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით დგინდება, რომ განხორციელდა კიბერშეტევა, რა დროსაც შეიცვალა ვებსაიტების მთავარი გვერდები - ე.წ "დიფეისი" (Deface). დაზარალებული კომპანიების უდიდეს ნაწილს ჰოსტინგურ მომსახურებას უწევენ ქართული კერძო კომპანიები. თითოეულ ვებგვერდზე კიბერშეტევის სტილი არის იდენტური,"- წერია განცხადებაში,"- წერს შსს. 

უწყება ასევე ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 28 ოქტომბერს სხვა ვებგვერდებთან ერთად კიბერშეტევა რამდენიმე ტელეკომპანიის სერვერებზეც განხორციელდა. შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე ამ კომპანიების ვებსერვერებზე მსგავსი ტიპის კიბერშეტევა არ განხორციელებულა. 

"თუმცა ტარდება შესაბამისი ღონისძიებები ზუსტი გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით". 

საქართველოს სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებსა და კერძო საიტებზე 28 ოქტომბერს კიბერ-თავდასხმა მოხდა. გვერდებზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები).

დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული. კომპანიის განცხადებით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად, 15 000-მდე ვებგვერდი გამოვიდა წყობიდან. 

გარდა ამისა, ტელეკომპანიები "იმედი" და "მაესტრო" ეთერში ვერ გადიოდნენ, რასაც ზემოაღნიშნულ კიბერშეტევას უკავშირებდნენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც გულისხმობს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას.

კომენტარები