მინდიაშვილი: ივანიშვილის დრომ შემზარავი ბოროტებაც კი ბანალურ ამბად აქცია

ბექა მინდიაშვილი
თეორემა/ტაბულა

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება:

"ივანიშვილის ხელისუფლების ყველაზე ძლიერი მხარე ისაა, რომ მისი მმართველობისას აღარაფერია სკანდალური, აღარაფერი დარჩა თავზარდამცემი, შემაძრწუნებული, - ყველაფერი გაუფასურდა, ყველა ერთიანარად ლაფშია ამოსვრილი, ყველა უვარგისია. ამას ივანიშვილის დრომ მიაღწია იმით, რომ ზღვარგადასული უზნეობის, ყველანაირი დანაშაულის, ყველანაირი ნაძირლობის კონვეირიზაცია შეძლო; შემზარავი ბოროტებაც კი ბანალურ ამბად აქცია - აგერ მთვრალი იაკობი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი პირდაპირ ეთერში დედაზე იგინება, პატრიარქის გადაყენებისა თუ მკვლელობის დაგეგმვას ყვება ლამის მთელი სინოდისა და ხელისუფლების მონაწილეობით, იქით-აქეთ მილიონებს აფრიალებს და ვითომც არაფერი, არანაირიარაფერი - ოოო ეგ ხო ნანახი გვაქ უკვე - შარშანწინისწინ, შარშანწინ, შარშანაც." წერს ის.

26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე" პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა. 

საპატრიარქოში მეუფე იაკობის განცხადებებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

კომენტარები