ილია მეორე

ექიმი: ილია მეორე საკვირაო წირვას ვირუსული ინფექციის გამო ვერ ესწრება

პატრიარქი ილია მეორე
საპატრიარქო

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე დრეს, 27 ოქტომბერს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვას არ ესწრება. როგორც ტვ.პირველს პატრიარქის პირადმა ექიმმა, ცისანა შარტავამ უთხრა, ილია მეორეს სეზონური ვირუსული ინფექცია აქვს.

მისივე თქმით, გართულებების თავიდან ასაცილებლად, პატრიარქი რამდენიმე დღეს სახლში გაატარებს. ექიმი ამბობს, რომ ილია მეორე 2-3 დღეში სრულად გამოჯანმრთელდება. 

"პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას სამი დღის წინ ჰქონდა ვირუსული ინფექცია და მაღალი ტემპერატურა. ახლა ყველაფერმა გაიარა. მას დამატებითი გამოკვლევები არ სჭირდება. ექიმების ძალიან დიდი თხოვნა იყო რომ 1-2 დღე სახლში დარჩეს სრულად გამოჯანმრთელების მიზნით. ისე ყველაფერი კარგად არის"- ამბობს შარტავა. 

..................
 

26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე" პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა. 

საპატრიარქოში მეუფე იაკობის განცხადებებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. 

 

კომენტარები