რუსეთი - სერბეთი

რუსეთმა სერბეთში სამხედრო წვრთნისთვის S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემა გაგზავნა

S-400
RIA

რუსეთმა სერბეთში რუსულ-სერბული ერთობლივი სამხედრო წვრთნისთვის "სლავური ფარი" S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის და პაცირის ანტისარაკეტო სისტემის ნაწილი სერბეთში გააგზავნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციას რუსულ მედიაში ავრცელებენ

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც S-400 ტიპის და პაცირის ანტისარაკეტო სისტემას საზღვარგარეთ, სამხედრო წვრთნებში გამოიყენებენ. 

ერთობლივი წვრთნების პირველი ნაწილი სექტემბერში ჩატარდა. რუსეთში სამხრეთით, ასტრახანის რეგიონში სერბულმა ჯარმა S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის გამოყენება ისწავლა. "სლავური ფარი" 2019 29 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 

სერბეთს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, თუმცა ამავდროულად რუსეთთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. აპირებს თუ არა სერბეთი რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შეძენას - უცნობია. რამდენიმე დღის წინ ქვეყანას რუსეთის პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი ეწვია.

შეგახსენებთ, რომ რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მა თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ შესაძლოა, თურქეთს S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემები კიდევ მიჰყიდონ.

გასულ წელს აშშ-ის მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, ინდოეთი და რუსეთი შეთანხმდა, რომ ინდოეთი რუსულ S-400 ტიპის სისტემას იყიდდა.

კომენტარები