გომელაური აფეთქებაზე: ექსპერტების თქმით, ეს ოჯახი გაფრთხილებული იყო, არ დაეერთებინათ ასე

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური გურამიშვილის გამზირზე მომხდარი აფეთქების გამო ადგილზე მივიდა. გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ექსპერტების ცნობით, ოჯახი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, წინასწარ გაფრთხილებული იყო. 

"როგორც გვეუბნებიან ექსპერტები, იყო გაფრთხილებული ეს ოჯახი რამდენიმე თვის წინ, რომ არ დაეერთებინათ ასე და ჩაუჭრეს. სავარაუდოდ, ამ მიერთებამ გამოიწვია აფეთქება. ჯერ ვერაფერს ვიტყვით წინასწარ, გამოძიება დაწყებულია, ექსპერტიზა დაადგენს ზუსტად," - თქვა გომელაურმა. 

კითხვაზე, მიმართეს თუ არა შესაბამისმა სამსახურებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრი ამბობს, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, არ მიუმართავთ. 

"თუმცა კანონის შესაბამისად პოლიციას არ აქვს უფლება კარი შეუნგრიოს ვინმეს და იძულებით დაათვალიეროს გამათბობელი, თუ გაზქურა,"- ამბობს გომელაური. 

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, მინისტრის თქმით, ჯერ ექსპერტიზა უნდა დამთავრდეს და გამოძიებამ დაადგინოს, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. 

გურამიშვილის გამზირზე ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება, დაახლოებით, დილის 9-ის წუთებზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება კორპუსში გაზის დაგროვებამ გამოიწვია, რის შედეგადაც 16-სართულიან კორპუსში მეოთხე სართული ჩამოინგრა და მოპირდაპირე კორპუსში ფანჯრის მინები დაიმსხვრა. 

აფეთქების შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა, აქედან ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. 39 წლის კაცს სხეულის 60%-ის დამწვრობა აქვს, ამასთან აქვს სასუნთქი გზების დამწვრობაც. შს მინისტრის ცნობით, სწორედ ამ კაცის სახლში მოხდა აფეთქება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომგამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა.

კომენტარები