მით რომნი

სენატორი რომნი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე: შეთანხმება გამარჯვებად დახატეს, ეს ასე არაა

GETTY IMAGES

"დღევანდელი განცხადება გამარჯვებად დახატეს - ეს შორსაა გამარჯვებისგან... ცეცხლის შეწყვეტა არ ცვლის ფაქტს, რომ ამერიკამ მოკავშირე მიატოვა," - აშშ-ის რესპუბლიკელი სენატორი მით რომნი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის შეხვედრისას სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა

სენატორმა თქვა, რომ ამერიკა არცერთ ჯარისკაცს ტოვებს მიღმა - "ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენ დაღუპულებს და დაჭრილებს, ვათავისუფლებთ დატყვევებულებს - ეს ამერიკული ღირსებისა და დაპირების საკითხია. ჩვენ ჩვენ მოკავშირეებს მხარში ვუდგავართ, არ ვტოვებთ ჩვენ მეგობრებს. გადაწყვეტილება, რომ მივატოვოთ ქურთები ჩვენ ერთერთ ყველაზე წმინდა მოვალეობას არღვევს - ეს ამერიკის ღირსებას ლახავს." 

ამას გარდა, სენატორის თქმით, აშშ-ის სირიიდან გამოსვლით უფრო დიდ სტრატეგიულ შედეგამდე მივიდნენ - ახლო აღმოსავლეთში ირანი და რუსეთი დაწინაურდა, ქურთები კი ასადთან ერთად შევიდნენ ალიანსში.

რომნის აინტერესებს, მხარეებმა როგორ და რატომ მიაღწიეს შეთანხმებას, რა იქნება ამერიკის როლი რეგიონში, რა ბედი ეწევათ ქურთებს და რატომ არ იმკის შედეგებს თურქეთი.

მით რომნი პრეზიდენტ ტრამპის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ ქურთები თავიანთი ინტერესებისთვის იბრძოდნენ - "რათქმაუნდა, ეს ალიანსის ბუნებაა. ჩვენ ერთად ვიბრძვით, რათა ჩვენთვის სასიცოცხლო ინტერესი დავიცვათ."

იხილეთ სენატში რომნის გამოსვლის ნაწილი:

იუტას შტატის სენატორი რომნი რუსეთის, ირანი, ჩინეთის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებებით არის ცნობილი.

17 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და აშშ-ის ვიცე-დელეგეაციამ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერმა გენერალმა მაზლუმმა.

შეთანხმების მიუხედავად, ჩრდილოეთ სირიაში ბრძოლები კვლავ გრძელდება.

"120 საათიანი პაუზა იქნება, რა დროსაც აშშ ზედამხედველობას გაუწერვს ქურთისტანის სახალხო შენაერთების გასვლას. როდესაც ეს დამთავრდება, თურქეთი თანახმაა ცეცხლის პერმანენტულად შეწყვეტაზე," - თქვა პენსმა. სირიის დემოკრატიული ძალების მებრძოლები თურქეთის შემოთავაზებული 32-კილომეტრიანი უსაფრთხო ზონიდან სამხრეთით დაიხევენ. უსაფრთხო ზონას თურქეთი გააკონტროლებს. ამ ზონაში შევა მნიშვნელოვანი ქურთული ქალაქები და მაგისტრალი. კითხვაზე, არის თუ არა ეს ქურთების მეორედ მიტოვება, პენსმა პასუხი არ გასცა.

შეხვედრის შემდეგ ტრამპმა ერდოღანს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მილიონობით სიცოცხლე გადარჩებოდა. ერდოღანმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ თურქეთისა და აშშ-ის ერთობლივი ძალისხმევა მშვიდობას და სტაბილურობას მოიტანს.

უსაფრთხო ზონის ზუსტი მასშტაბები ჯერ-ჯერობით არ დაუკონკრეტებიათ. ასევე არ უხსენებიათ ტერიტორიაზე მყოფი სირელი და რუსი სამხედროები. მოსალოდნელია, რომ სწორედ ამას განიხილავენ ერდოღანი და პუტინი 22 ოქტომბერს სოჭში შეხვედრისას.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ოპერაცია გასულ კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, რომელიც ქურთ და არაბ მებრძოლებს აერთიანებს. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

ჩრდილოეთ სირიაში, ქალაქ მანბიჯთან რუსი ჯარისკაცები სირიისა და თურქეთის ძალებს შორის პატრულირებენ. მანბიჯს ასადის რეჟიმის ძალები აკონტროლებენ, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს.

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა აშშ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეთანხმებას ასადის რეჟიმთან მიაღწიეს, რის შემდეგაც ასადმა სირიის ჩრდილოეთით სირიის არმია გაგზავნა. სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერი მაზლუმ აბდი ამბობს, რომ ასადის მთავრობასთან და მათ რუს მოკავშირეებთან თანამშრომლობა მათთვის მტკივნეული კომპრომისია.

ტრამპმა თურქეთის სამხედრო ოპერაციის პასუხად ანკარას ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა და სანქციები დაუწესა. სანქციების ქვეშ მოყვა თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები, ასევე გენშტაბის უფროსი ჰულუსი აკარი და თურქეთის მმართველი პარტიის მეორე პირი, სულეიმან სოილუ.

თურქეთი ქურთულ სახალხო დაცვის შენაერთებს, რომლებიც სირიის დემოკრატიული ძალების დიდ ნაწილს შეადგენენ, ქურთისტანის მუშათა პარტიის ნაწილად მიიჩნევს და შესაბამისად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბოლო წლებში არაერთი სამხედრო ოპერაცია განახორციელა სირიის ტერიტორიაზე, ამ დრომდე რეგიონში, სადაც ამერიკული ძალები სირიის დემოკრატიულ ძალებთან და მასში შემავალ ქურთულ დანაყოფებთან ერთად იყო განთავსებული სამხედრო მოქმედებებისაგან თავს იკავებდა.

თურქეთის მთავრობაში ამბობენ, რომ ოპერაცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

კომენტარები