საქართველო-რუსეთი

დეპუტატი ნოზაძე: რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ჩვენს ეკონომიკას დააზარალებს

სიმონ ნოზაძე
პარლამენტი

პარლამენტის დეპუტატის, "მრეწველების" წევრის, სიმონ ნოზაძის თქმით, წინა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკამ კრახი განიცადა და მის წარმომადგენლებს ახლა "სურთ, მოქმედ მთავრობასაც შეცდომები დააშვებინონ"

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ნოზაძემ თქვა, რომ სერგეი ლავროვთან ზალკალიანის შეხვედრა ტაქტიკური იყო. 

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა "ექსპრეზიდენტის პოზიციაა" და რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქცების დაწესების მოთხოვნა ჩვენს ეკონომიკას დააზარალებს.

სიმონ ნოზაძემ თქვა: 

"შეხვედრა იმიტომ ტარდება, რომ რუსული და ქართული მხარე თავის პოზიციებს დააფიქსირებენ, დიალოგი უნდა გაგრძელდეს. რაც შეეხება თქვენს დაჟინებულ პოზიციას, რომ მოვითხოვოთ რუსეთს ეკონომიკური სანქციები ჩვენი გულისთვისაც გამოუცხადონ - სანქციები უმკაცრესი აქვს რუსეთს და კიდევ უფრო მკაცრდება. ბატონო გიგა, საკმარისია, რომ ჩვენ მოვითხოვოთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რუსეთი დაიწყებს სათანადო ეკონომიკური სანქციების გატარებას და გაცილებით მეტად დაზარალდება ჩვენი ეკონომიკა. მე მგონია, ეს ექსპრეზიდენტის პოზიციაა, ის ნეგატივის გარდა სხვა გზას ვერ ხედავს, თავის ადგილი ჰპოვოს საქართველოს პოლიტიკურ რეალობაში. მე მგონია, რომ ეს წინასწარ შეთანხმებული თამაშია, მაგრამ მეტისმეტი მოგივიდათ და გადაამლაშეთ. ჯვარი სწერია საქართველოს, სააკაშვილი რომ დაბრუნდეს საქართველოში, პირველი თქვენ მიირბენთ მასთან. ნუ გვეშინია სიმართლის თქმის. მე პირადად მისაღებად მიმაჩნია, რომ დეპუტატები შევხვდეთ დეპუტატებს, თუ ოპოზიციაც ჩაერთვება, კი ბატონო". 

მისი ამ გამოსვლის შემდეგ ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ იკითხა, ვისი სახელით გამოდიოდა საბჭოთა საოკუპაციო უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი. 

მან ასევე მოუწოდა მმართველ გუნდს, თქვას, იზიარებს თუ არა ნოზაძის ამ პოზიციას. 

"ბოდიში, არ ვისმენდი და ვერ გავიგე ზუსტად ვისი სახელით გამოდიოდა საბჭოთა საოკუპაციო უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი, უმრავლესობის სახელით თუ თავის ფრაქციის. თუ უმრავლესობის სახელით არ იყო, უმრავლესობას ვთხოვ დაფიქსიროს, ამ პოზიციას იზიარებს თუ არა", -თქვა ბოკერიამ.

მის ამ განცხადებას მასსა და სიმონ ნოზაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

პარლამენტის ვიცე სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა, რომელიც სხდომას უძღვებოდა, ბოკერიას მოუწოდა, დაეტოვებინა დარბაზი. მისი თქმით, ბოკერია დღეს "განსაკუთრებით გაღიზიანებულია". მას არ უთქვამს, იზიარებს თუ არა ნოზაძის პოზიციას. 

ოპოზიციური პარტიები, ევროპული საქართველო და ენმ ითხოვენ, მმართველი გუნდი საგარეო მიმართულებით გააქტიურდეს და იმუშაოს, რათა დასავლეთმა რუსეთს სანქციები არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს ოკუპაციის, ადამიანების გატაცების, მკვლელობის და სხვა უფლებადარღვევების გამო დაუწესოს. 

კომენტარები