იაროსლავ სუმბაევი

წულუკიანი: რუსეთისთვის სუმბაევის გადაცემაზე პრეტენზიები დაუსაბუთებელია

BBC

იუსტიციის მინისტრის თქმით, IT სპეციალისტის, იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადირების თარიღებზე მოლაპარაკებები ფედერაციის სამართალდამცველ სისტემასთან მიმდინარეობს, თუმცა, როგორც წულუკიანი ამბობს, პატიმარს დიდი დრო ექნება, რათა მან სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართოს. 

სუმბაევი რუსეთის კიდევ ერთი მოქალაქეა, რომელსაც საქართველო რუსეთს გადასცემს. 

წულუკიანი ამბობს, რომ სუმბაევის პრეტენზიები დაუსაბუთებლად მიაჩნია, მაგრამ შესაძლოა სტრასბურგმა სხვანაირად ჩათვალოს. 

"ეტაპირების თარიღს ერთი მხარე ვერ დაადგენს. ეს უნდა იყოს ორივე მხარის შეთანხმების საგანი. ამაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ორ სამართალდამცველ სტრუქტურას შორის. 

პატიმარს ექნება იმაზე მეტი დრო, ვიდრე რეალურად არის საჭირო იმისთვის, რომ რაკი მას აქვს გარკვეული პრეტენზიები, იუსტიციის მინისტრის ბრძანება დადგენილი წესით გაასაჩივროს სტრასბურგის სასამართლოში და მოითხოვოს პროცედურის შეჩერება, თუკი ის პრეტენზიები, რასაც ის აცხადებს, დასაბუთებულია. 

ჩვენ განვიხილეთ ეს პროცედურები არა მხოლოდ მინისტრის დონეზე, არამედ სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებმა და ჩავთვალეთ, რომ ეს პრეტენზიები დასაბუთებული არ არის. თუმცა, შესაძლოა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სხვანაირად ჩათვალოს. ამისთვის მას აქვს ბევრი დრო. 

თქვენ იცით, რომ ექსტრადიციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას ევროპული სასამართლო იღებს პრაქტიკულად რამდენიმე საათში", - თქვა თეა წულუკიანმა დღეს, 17 ოქტომბერს. 

სუმბაევს რუსეთი ბრალად მოსკოვის რეგიონის გამომძიებელს, ევგენია შიშკინას მკვლელობაში, ასევე, კიბერთაღლითობასა და დანაშულებრივი დაჯგუფების მეთაურობაში სდებს. 

იაროსლავ სუმბაევი თბილისში, გლდანის მე-8 საპყრობილეშია მოთავსებული. 

რუსეთის ციხეში ის, დიდი ალბათობით, წამების და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდება. 

სუმბაევი არ არის პირველი მოქალაქე, რომელსაც საქართველო რუსეთს გადასცემს. 19 სექტემბერს იუსტიციის სამინისტრომ რუსეთს ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე რამზან ახიადოვი საქართველომ გადასცა.

Amnesty International-ის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა. აღურიცხავთ წამებისა და არასათანადო მოპყრობის არაერთი შემთხვევა. ზოგჯერ, პატიმრების გადაყვანისას ისინი დროებით უჩინარდებოდნენ და ოჯახის წევრებს მათი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. მსგავსი არასათანადო მოპყრობისა და წამების შემთხვევები ხდება ჩეჩნეთშიც.

კომენტარები