შტაინმაიერის ვიზიტი საქართველოში

ზურაბიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაძაბული სიტუაციის დეესკალაცია აუცილებელია

ჩვენ ვისაუბრეთ კონფლიქტურ სიტუაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იმ აუცილებლობაზე რასაც მე ვუხსენებ ჩვენს პარტნიორებს, რომ უკრაინის კონფლიქტთან ერთად საქართველო არ იყოს მივიწყებული- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა. 

ზურაბიშვილის თქმით, კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი გზა ევროკავშირის დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდაა.

"ამ ზაფხულს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკმაოდ დაძაბული სიტუაცია შეიქმნა და ნებისმიერ დროს შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ სიტუაციაში და აუცილებელია დეესკალცია ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რამე გამოსავლის ძებნა. ერთ-ერთი მიმართულება არის მოლაპარაკებების გაძლიერება იმ ფორმატებში რაც არსებობს, მაგრამ ასევე სხვა ფორმატებშიც, სადაც შეიძლება იყოს განხილული სხვა კონფლიქტებიც და ერთ-ერთი ასეთი მიმართულება არის ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის არეალის გაზრდა, როგორც დეესკალაციის ერთ-ერთი პირველი ზომა"- თქვა ზურაბიშვილმა. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე ახსენეს ყველა ის მიმართულება, ევროკავშირი და ნატო, სადაც გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პარტნიორია.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი კომისიის თავმჯდომარე იქნება გერმანელი ქალბატონი, რომელიც ჩვენი მეგობარია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პოზიციები სექტორალურ ინტეგრაციასთან მიმართებაში განმტკიცდება და ის მიმართულება, რომ საქართველო პრაქტიკულ ჭრილში გაწევრიანდეს ყველა იმ პროგრამაში, რომელიც ფაქტობრივად შეგვიყვანს ევროკავშირში, სანამ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ გერმანია იქნება ჩვენს გვერდით"- თქვა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტებმა რეგიონალური თანამშრომლობის და კულტურული თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. მისი თქმით, ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომელიც ორი ქვეყნის ურტიერტობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. 

"გერმანია ყოველთვის იყო ახლოს ჩვენს კულტურასთან. ვახსენეთ ფრანკფურტის გამოფენა, რომელზეც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო გადადგმული საქართველოს შესვლის ევროპის სივრცეში. ამის გაგრძელებაზე შევთანხმდით"- ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს.

ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს ესტუმრება. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარები