მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: საქართველოს დროშას მაინც არ უყურებთ? დიახ, ჩვენ ვეფუძნებით ჩვენს ტრადიციებს

მიხეილ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც მის მიერ მთავარი არხის ეთერში გაკეთებულ რეპლიკებზე კრიტიკას ეხმაურება.

კერძოდ, სააკაშვილი ყოფილი თანაგუნდელის, ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგა ბოკერიას, მისამართით გაკეთებული კომენტარების გამო გააკრიტიკეს. 

"მინდა, ვთქვა იმ ხალხის გასაგონად, ვისაც გაუკვირდა ჩემი გუშინდელი ხაზგასმა ჩვენს ქრისტიანულ ფასეულობებზე. საქართველოს დროშას მაინც არ უყურებთ ხანდახან, ხალხო? რა თქმა უნდა, ეს არის არა მხოლოდ ჩვენი ფუნდამენტური ღირებულება, არამედ ეს არის ის, რასაც ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს და ემხრობა,"- ამბობს სააკაშვილი. 

მისივე თქმით, "ხალხი აბსოლუტურად სწორად ხვდება ყველაფერს" და კოლეგა პოლიტიკოსებს მოუწოდებს, ხალხთან უფრო ახლოს იყვნენ. 

"ჩვენ ვართ ტრადიციულები და ჩვენ ვართ ძალიან, ძალიან ინოვაციურები და ძალიან გაბედულები ჩვენს ქმედებებში. და მხოლოდ პროექტებს კი არ ვაკეთებთ, ჩვენ გვჯერა ამისი და ჩვენ გაკეთებული გვაქვს და გავაკეთებთ ასევე ბოლომდე. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი აბსოლუტურად სწორად ხვდება ყველაფერს. ყველა პოლიტიკოსს, კოლეგას მინდა, მოვუწოდო - იყავით უფრო ახლოს საკუთარ ხალხთან, მხოლოდ მოიგებთ,"- ამბობს სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში. 

29 სექტემბერს მთავარი არხის ეთერში სააკაშვილმა თქვა, რომ მასა და გიგა ბოკერიას შორის ფუნდამენტური განსხვავებებია, რაც გამოიხატება იმაში, რომ თავად "მართლმადიდებელი ქრისტიანია, ჯვარი უკეთია", ხოლო ბოკერია კი "ტრადიციებთან მებრძოლ ანტიქრისტიანად" მოიხსენია. სააკაშვილი ამ გამონათქვამების გამო გააკრიტიკეს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა, ნინო ლაპიაშვილმა, ენმ-ის გუნდი და პოლიტსაბჭო დატოვა. 

კომენტარები